ბუჩუკური: პარტია “საქართველოსთვის” ვართ ყველა მუნიციპალიტეტში და რეალური ბერკეტი გვაქვს, ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა დავასრულოთ

221

„დღეს ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა გვაქვს. დღეს არ ხართ მხოლოდ “ნაცები” და “ქოცები”. დღეს ჩვენ, გუნდი “საქართველოსთვის”ყველა მუნიციპალიტეტში ვართ და გვაქვს რეალური ბერკეტი დავასრულოთ ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა“ – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია ყველა მუნიციპალიტეტში, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები.

„მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” აკეთებდით და აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა, ჩაკეტილ წრეზე ატრიალოთ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა. დღეს არ ხართ მხოლოდ ”ნაცები” და “ქოცები”, დღეს ყველა მუნიციპალიტეტში ვართ ჩვენ, გუნდი “საქართველოსთვის”. პირველად, ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ძალა, რომელსაც აქვს რეალური ბერკეტი, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და დაასრულოს ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ადგილობრივ ხელისუფლებაში, საიდანაც, რა თქმა უნდა, ვიწყებთ ცვლილებებს. ეს არჩევნები ნამდვილად იყო ცვლილებების არჩევნები, როგორც ამას ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით და ეს დადასტურდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლის ხმების დასაცავად და ბრძოლა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მხოლოდ ახლა იწყება“, – ამბობს ბუჩუკური.

ასევე, ანა ბუჩუკურმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„მხოლოდ გახარიას და ჩვენს გუნდს ებრძოდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და მიუხედავად სააკაშვილთან ერთად დამდგარი „მასკარადისა“, თითოეულ ადამიანს, ჩვენს მხარდამჭერს მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო პირადად მეც და მთელი ჩვენი გუნდის სახელით, რომ მოხვედით 2 ოქტომბერს და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი საქართველოსთვის. მადლობა ნდობისთვის და მადლობა, აი, ამ გამოჩენილი სიმტკიცისთვის“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.