არჩევნები ახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია მერობის კანდიდატებს შორის გაიმართოს სრულფასოვანი დებატები, – ამის შესახებ მოძრაობა “ახალი საქართველოს ” ლიდერმა და მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს თავი აარიდოს ფართო დებატებს იმ თემებთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს.
როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თითოეული ფორმატი, რომელიც სხვადასხვა არხებზე არის დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერობის ყველა კანდიდატს ჰქონდეს საშუალება, თანაბარი რაოდენობით მიიღოს მონაწილეობა დებატებში.
„ჩვენი ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედს“ ხვალ დაგეგმილი აქვს დებატები მერობის კანდიდატებს შორის, თუმცა ამ წუთამდე არ ვიცით, როგორი იქნება ეს ფორმატი და მივიღებთ თუ არა ამ დებატებში მონაწილეობას. გვაქვს მათთან კომუნიკაცია, თუმცა ზუსტ პასუხს ამ დრომდე ვერ გვეუბნებიან. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიასა და ობიექტურობაზე, ვფიქრობ, რომ ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბარი დებატების,“ – განაცხადა ვაშაძემ.
მერობის კანდიდატმა სხვა ტელეკოპანიებზე დაგეგმილ გადაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და “TV პირველის’’ შემთხვევაში ყველა პარტიის რეგიონალურ წარმომადგენელს სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდა. მისი თქმით, იგივე პრინციპი უნდა მოქმედებდეს მერობის კანდიდატებზეც.
„თუ კახა კალაძეს თავი ძლიერი კანდიდატი ჰგონია, ნუ შეეშინდება ღია დებატების და ნუ დაემალება საჯარო დებატებს ყველა კანდიდატთან,“ – განაცხადა ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე და ასევე აღინიშნა, რომ „ NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, მაშინ როდესაც „ერთობა ახალ საქართველოს“ არ ჰქონდა დასახელებული მერობის კანდიდატის ვინაობა, გიორგი ვაშაძე ხუთეულში მოხვდა“.
წყარო: ინტერპრესნიუსი