რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება ძალაში — მოკლედ

387

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. ამის მიზეზად “ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციები” სახელდება. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან, 6 სექტემბრიდან 1 საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ;
  • იხსენება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%-ის დაშვება, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფით პასუხს, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის ტესტის უარყოფით პასუხს ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის ცნობას.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა დღეს ასევე თქვა, რომ კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეგულაციები: ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აიცრან.

ამასთან, გიორგი ღიბრაძემ თქვა ისიც, რომ აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნება სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რაცა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს.