ავტორი: ირაკლი მელაშვილი
რეალურად რა შედეგები მივიღეთ 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე? ემოციებისა და პარტიულ-პროპაგანდისტური კლიშეების გარეშე რომ გავაანალიზოთ არჩევნების პირველადი შედეგები, მაინც, რა განსხვავებებს დავინახავთ 2014 და 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით? რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან?
ამომრჩეველთა აქტივობა
2021 |
2017 |
2014 |
||
ამომრჩეველთა აქტივობა |
1 815 776 |
1 570 563 |
1 485 372 |
თუკი გადავხედავთ თვითმმართველობის ბოლო სამი არჩევნების შედეგებს, დავინახავთ, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა იზრდება. 2 ოქტომბრის არჩევნებზე მან რეკორდულად მაღალი რიცხვი შეადგინა. ეს, შეიძლება, მიუთითებდეს, რომ მოსახლეობა სულ უფრო მეტად იგებს თვითმმართველი ორგანოების მნიშვნელობასა და დანიშნულებას.
პროპორციული არჩევნების შედეგები მთელი საქართველოს მასშტაბით და პოლიტიკური პარტიები
თუკი შევადარებთ 2 ოქტომბერს და წინა წლებში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, ძალიან საინტერესო სურათი იკვეთება.
“ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
პირველ ადგილზე, სამივე შემთხვევაში, გავიდა პარტია “ქართული ოცნება”. 2 ოქტომბერს მის მიერ საქართველოს მაშტაბით პროპორციულ არჩევნებში მიღებული 822 ათასი ხმა თითქმის იდენტურია 4 წლის წინ თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობისა, მაგრამ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლთა მაღალი აქტივობის გამო, ეს რიცხვი საკმარისი აღმოჩნდა პროპორციული სიით ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 46,68%-ის მისაღებად.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ხმები 100 ათასი ხმით აჭარბებს 2014 წელს პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობას. თუმცა, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის გამო, 2014 წელს მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა, რათა “ქართულ ოცნებას” პროპორციული წესით 50%-ზე მეტი დაეგროვებინა. პრინციპში, ამ შედეგებიდან გამომდინარე, თითქოს “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიცხვი არც იზრდება და არც დრამატულად მცირდება, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად მოქმედებს “ოცნების” მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე ყოველ მომდევნო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის სულ უფრო მზარდად გამოყენების ფაქტები.
ამ რესურსის გამოყენების გარეშე პარტიას რა შედეგი ექნებოდა, ამ საკითხზე ობიექტური ანალიზის გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა, ფაქტია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაკვნითაც, სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გაუმიჯნაობა სულ უფრო მზარდი პრობლემაა.
რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მან 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე გააორმაგა 2017 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ნაჩვენები შედეგი და ნახევარ მილიონ ხმაზე მეტი მიიღო. ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 2014 წელს ამ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობასაც.
არჩევნების წელი |
“ქართული ოცნების” ხმები |
% |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
% |
მესამე ადგილზე გასული პარტია |
% |
ერთიანი პროპორციული სია | ||||||
2021 | 822 669 | 46.68 | 541 069 | 30.7 | „გახარია საქართველოსთვის“ | 7.8 |
2017 | 838 154 | 55.41 | 256 547 | 17.08 | ევროპული საქართველო | 10.4 |
2014 | 719 431 | 50.18 | 317 395 | 22.42 | „ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია“ | 10.22 |
საააკშვილის ჩამოსვლამ, მისმა დაპატიმრებამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში დარჩენის, ან მისი მალე გათავისუფლებისა და ხელისუფლებაში მობრუნების საკითხი (მიშას ეს მიზანი არც არასდროს დაუმალავს და მის საქართველოდან გაკეთებულ მიმართვებშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა) მჭიდროდ დაუკავშირა თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” და/ან “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება/დამარცხებას. ამან შექმნა ძალიან ძლიერი ემოციური ფონი, როგორც საკაშვილის მომხრეების, ისე მისი მოწინააღმდეგეების კონსოლიდაციისათვის. შედეგად, კიდევ ერთხელ მოხდა ამომრჩევლების უკიდურესი პოლარიზაცია, “ოცნების” და ენმ-ს გარშემო ამომრჩეველთა მაქსიმალური კონცენტრაცია.
არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ ეს ფაქტორი განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა “ნაციონალური მოძრაობისთვის”. პოლარიზაციის ფონზე, როგორც ჩანს, ამ პარტიამ დიდწილად შეძლო თავის მხარეს მოებრუნებინა სააკაშვილის მომხრე ამომრჩეველთა რადიკალურად განწყობილი ნაწილი, რომელთაც არ სჯეროდათ საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლის. თვითმმართველობის არჩევნების წინ მათი ლიდერის მოწოდებებმა, საქართველოში მისმა არალეგალურად ჩამოსვლამ, დაჭერამ და ციხეში ჩასმამ დაუბრუნა ამ ტიპის ამომრჩეველს იმედი, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნისა და ხელისუფლების შეცვლის რეალისტური გზა ამ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატების გამარჯვებაზე გადის. როგორც ჩანს, ამ ფაქტორებმა გამოიწვია სააკაშვილის მომხრეთა სრული მობილიზაცია, საარჩევნო უბნებზე მისვლა და “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიმცემთა რაოდენობის გაზრდა, განსაკუთრებით, იმ ცენტრებში, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” და მის მოკავშირეებს მერობის ძლიერი კანდიდატები ჰყავდათ დაყენებული.
სააკაშვილის ქვეყნაში დაბრუნების შედეგად, ენმ-ის გარშემო ამომრჩევლის მაქსიმალური კონსოლიდაციის პირობებში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს პარტია კვლავ რჩება მთავარ ოპოზიციურ და ყველაზე გავლენიან პარტიად. ამასთან, ამ პირობებშიც კი, ენმ-ის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილის პარტიას ყველა ბოლო არჩევნებზე სტაბილურად უჭერს მხარს დაახლოებით 500-600 ათასი ამომრჩეველი და პარტიას უჭირს, გაზარდოს თავის მომხრეთა რიცხვი.
ამ არჩევნებზე გამარჯვებით “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ზედიზედ მერვე არჩევნებზე გადის პირველ ადგილზე, დაადასტურა, რომ კვლავ რჩება “არა მიშას” განწყობის მქონე ამომრჩევლის მთავარ მიზიდულობის პოლიტიკურ ცენტრად. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკმაოდ მაღალი ხარისხის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით, ის მაინც არის ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადად, კვლავ ახერხებს “ანტიმიშას” ხმების მობილიზებას.
“ქართულმა ოცნებამ”, ქვეყნის მაშტაბით, პროპორციულ არჩევნებში მიიღო 47-48%, რაც, ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს, საკმაოდ მაღალი შედეგია. ამასთანავე, მმართველმა პარტიამ ამ მაჩვენებელს მიაღწია, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (ნინოწმინდა 84%; ახლაქალაქი 76% ბოლნისი 68%) და საჩხერეში (80%), ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის ფაქტორის გამო ნაჩვენები ანომალურად მაღალი შედეგების წყალობით.
იქაც კი, სადაც ხელისუფლებამ გაიმარჯვა, როგორც ჩანს, მიღწეულ შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მმართველი პარტიის მიმართ ამომრჩეველთა მხადაჭერის შემცირებაზე. თანაც, მმართველმა პარტიამ იმდენად დაკარგა დიდ პოლიტიკურ ცენტრებში ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომ მას აქ გამარჯვების მისაღწევად არც დიდი ადმინისტრაციული რესურსი ეყო. ეს კი სერიოზული პრობლემააა “ქართულ ოცნებისთვის”.
პროპორციული არჩევნების შედეგით, ფაქტია, რომ ოპოზიციამ ჯამურად ვერ მიაღწია ამ არჩევნებზე დეკლარირებულ მიზანს – “რეფერენდუმზე” მმართველ პარტიას ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებზე მიეღო 43%-ზე ნაკლები და ამ შედეგის გამო ოპოზიციას საერთაშორისო დონეზე დაეყენებინა ე.წ. “შარლ მიშელის” დოკუმენტით დათქმული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი.
სხვა პოლიტიკური პარტიები
ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის – გახარიას პარტიამ, “გახარია საქართველოსთვის”, აჩვენა ის მინიმუმი, რასაც უწინასწარმეტყველებდნენ მას წინასაარჩევნო გამოკითხვები. ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიისათვის ეს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ არა მაღალი შედეგია. “ქართული ოცნების” ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნების განმავლობაში გიორგი გახარიამ, პრაქტიკულად, პირველმა მოახერხა მმართველი პარტიისთვის ელექტორატის წართმევა. მანამდე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, ძირითადად, ოპოზიციურად განწყობილი, წინა ხელისუფლების მომხრე, “ნაციონალურ მოძრაობაზე” იმედგაცრუებული ელექტორატის ხმების გადანაწილებით უფრო იყო დაკავებული.
ეს შედეგი გიორგი გახარიას პირადი წარმატებაა, ამასთან ერთად, როგორც ჩანს, მის მიერ პარტიაში შემოკრებილ ბევრ ლიდერს, მოსალოდნელთან შედარებით, უფრო დაბალი ელექტორალური რესურსი აღმოაჩნდა, რაც თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში მერისა და მაჟორიტარული არჩევნების შედეგებით დადასტურდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოსულ პირებს ნაკლებად აქვთ მოსახლეობასთან ურთიერთობისა და საჯარო პოლიტიკის წარმოებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ახლა ყოფილი პრემიერის პარტია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რამდენად იქნება თბილისსა და თვითმმართველ ქალაქებში ჩასატარებელი მერის არჩევნების მეორე ტურებში გახარიას პოზიციონირება მისაღები მისი პარტიის ამომრჩევლისთვის.
უნდა ითქვას, რომ წინა თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ მაღალი შედეგები ჰქონდათ მესამე ადგილზე გასულ პარტიებს. 2014 წელს “ნინო ბურჯანაძე − ერთიანმა ოპოზიციამ” და 2017 წელს “ევროპულმა საქართველომ” 10%-ზე მეტი მიიღეს, ანუ, ორივემ გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენა, ვიდრე გახარიას პარტიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ ვერცერთმა ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო არათუ განევითარებინა ეს წარმატება, არამედ შეენარჩუნებინა პოზიციები და უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარტიებმა სერიოზული მარცხი განიცადეს. ამიტომაც, პარტია “საქართველოსთვის” სერიოზული გამოცდის წინაშე დგას, თუ რამდენად მოახერხებს გიორგი გახარიას გუნდი, ამ არჩევნებში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს მზარდი რეიტინგის მქონე, ფუნქციონირებადი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება.
არჩევნებმა აჩვენა, რომ ორი პოლუსის არსებობისა და ელექტორალურ ველზე გახარიას გამოჩენის პირობებში, კიდევ უფრო დასუსტდა იმ პარტიების პოზიციები, რომლებიც ცდილობდნენ, “ქართული ოცნებისგან” და “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებული ალტერნატივები შეეთავაზებინათ ამომრჩევლისთვის. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ თითო-ოროლა, ეგოცენტრულად განწყობილი ლიდერის გარშემო შემოკრებილ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ჰყოფნით არც პოლიტიკური, არც მატერიალური რესურსები, სერიოზული გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ ჯგუფების მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდა. ორივე “გირჩმა”, “ევროპულმა საქართველომ”, ანა დოლიძის პარტიამ, “ლელომ”, “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა”, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებმა” და ა.შ. პროპორციული სიით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, მხოლოდ 10%-მდე მიიღეს, მაშინ, როცა 2017 წლის არჩევნებზე მარტო “ევროპულ საქართველოს” ჰქონდა ამაზე მაღალი შედეგი. ბოლო არჩევნების შემდეგ ეს პარტიები, კონსოლიდაციისა და გაძლიერების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტად დაიყვნენ და დაიქსაქსნენ, რითაც კიდევ უფრო შეამცირეს მათი ამომრჩევლის რწმენა, რომ ისინი შეძლებენ გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშეებად ჩამოყალიბებას და პოლიტიკურ პროცესზე სერიოზული გავლენის მოხდენას.
რამდენად შეძლებენ ეს პოლტიკური ძალები, გადადგან ნაბიჯები გაძლიერებისაკენ, დაარწმუნონ მოქალაქეები საკუთარ სიცოხლისუნარიანობასა და პერსპექტივაში, ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჯერჯერობით კი, ჩემი აზრით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ეს ორგანიზაციები მაინც არა პოლიტიკური პროცესების ძირითადი აქტორების, არამედ უფრო პერიფერიული და მეორეხარისხოვანი მოთამაშეების ფუნქციისათვის არიან განწირულნი.
არჩევნების შედეგები თბილისში
არჩევნების
წელი |
„ქართული ოცნების“ ხმები | % | ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა |
% | მესამე ადგილზე გასული პარტია | % |
თბილისის პროპორციული | ||||||
2021 | 193 001 | 40.33 | 133 922 | 27.99 | გახარია საქართველო
სთვის |
8.8 |
2017 | 205 994 | 53.15 | 68 432 | 17.66 | ევროპული საქართველო | 9.18 |
2014 | 151 269 | 46.01 | 85 858 | 26.11 | ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია | 10.35 |
საქართველოში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის არჩევნების შედეგებს. თბილისი არის უმთავრესი პოლიტიკური ცენტრი, სადაც თავს იყრის პარტიათა და პოლიტიკურ ლიდერთა უდიდესი უმრავლესობა. მას შემდეგ, რაც თბილისის მერს პირდაპირი წესით ირჩევს დედაქალაქის მოსახლეობა, ის გახდა ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, დიდი პოლიტიკური წონის ფიგურა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თბილისის ამომრჩეველი დიდად არ სწყალობს “ქართულ ოცნებას”. სამი არჩევნებიდან ორში, საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში სახელისუფლო პარტიამ ვერ მოახერხა ხმების უმრავლესობის მიღება და მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების ხარჯზე მოიპოვა უმრავლესობა. სამიდან ორ შემთხვევაში, მერის არჩევნებზე მეორე ტური დადგა. მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს, კალაძემ შეძლო, გადაელახა 50%-იანი ბარიერი, თანაც, ამ ზღვარზე მხოლოდ 1,09 %-ით მეტი მოაგროვა.
ამ არჩევნებმაც აჩვენა ოპოზიციური განწყობების სერიოზული ზრდა ქვეყნის დედაქალაქში. მეორე ადგილზე გასულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” თითქმის ორჯერ გაზარდა 2017 წელს მის მიერ ნაჩვენები შედეგი, ხოლო ამ პარტიის მერობის კანდიდატმა 2.5-ჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე თვითმმართველობის წინა არჩევნებში თბილისის მერის პოსტისათვის მებრძოლმა ენმ-ის წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.
არჩევნების წელი |
“ქართული ოცნების” ხმები | % |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
% | მესამე ადგილზე გასული პარტია | % |
მერების არჩევნები | ||||||
2021 | ||||||
თბილისი
|
კახა კალაძე
215 303 |
44.97 |
ნიკანორ მელია
162 669 |
33.98 |
გიორგი გახარია
44 775 |
9.35 |
2017 | ||||||
თბილისი | კახა კალაძე
204 061 |
51.09 |
ზაალ უდუმაშვილი
66 259 |
16.59 |
ალეკო ელისაშვილი
69 803 |
17.48 |
2014 | ||||||
თბილისი
|
დავით ნარმანია
151 807 |
46.09 | ნიკანორ მელია
92125 |
27.97 | დიმიტრი ლორთქიფანიძე
42 208
|
12.81 |
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017 წლის არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა არა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით – 17.48%-ით. შედარებით მაღალი შედეგი ჰქონდა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ ელენე ხოშტარიასაც – 7.11%. ეს თითქოს აჩვენებდა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები თავს აღწევდნენ ორი დომინანტი პოლიტიკური ძალის მიერ ამომრჩევლისთვის თავსმოხვეულ პოლიტიკურ დიხატომიას, მაგრამ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში საააკშვილის დაბრუნებით გამოწვეულმა პოლარიზაციამ, “ნაციონალური მოძრაობის” გარეთ მდგარი პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების შეცდომებმა, დაქსაქსულობამ, გაუმართლებელმა პოპულიზმმა, განსაკუთრებით, პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში და გიორგი გახარიას ოპოზიციურ ველზე შემოსვლამ, მკვეთრად შეასუსტა ამ პოლიტიკური პარტიების პოზიციები.
როგორც ჩანს, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, რომელიც დაიღალა პატარა პარტიების ლიდერების ამბიციებით, გაუმართლებელი პოპულიზმითა და გაუთავებელი კინკლაობით, ამჯობინა, თავისი ხმა მიეცა მსხვილი, პოლიტიკურ პროცესებზე რეალური გავლენის მქონე ოპოზიციური ძალისთვის, რომელიც არა განცხადებების დონეზე, არამედ რეალურად იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად. ამ ვითარებაში, დედაქალაქში ერთმანეთის წინაშე გამარჯვებისათვის მებრძოლი ისევ ორი პოლიტიკური ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დარჩა.
არჩევნების შედეგები რეგიონებში
უნდა ითქვას, რომ 2014 წლიდან თვითმმართველობის არც ერთ არჩევნებს არ ჩაუვლია მერის არჩევნების მეორე ტურის გარეშე. ყველაზე მეტი – 21 მეორე ტურის ჩატარება 2014 წელს გახდა აუცილებელი, მაგრამ პირველადაა, როცა პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის კანდიდატები უგებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. განსაკუთრებით დაბალი შედეგები აქვს მმართველ პარტიას ზოგიერთ იმ ქალაქში, რომლებსაც ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოართვა: ზუგდიდი, თელავი, ოზურგეთი.
2021 | 2017 | 2014 | ||
მერების არჩევნების მეორე ტურები |
20 |
6 |
21 |
საკრებულოს არჩევნებშიც ოპოზიციამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ არჩევნებში, თბილისის ჩათვლით, 34 მუნიციპალიტეტში ვერ გადალახა 50%-ანი ზღვარი. აქედან 40-დან-50%-მდე მიიღო 27 მუნიციპალიტეტში (თბილისის ჩათვლით), ხოლო 7 მუნიციპალიტეტში კი არჩევნებში მონაწილეთა ხმების მხოლოდ 30-დან 40%-დე მიიღო. ეს მუნიციპალიტეტებია:
- რუსთავი – 36.25%
- ქუთაისი – 39.15%
- სენაკი – 38.22%
- მარტვილი – 36.54%
- წალენჯიხა – 34.76%
- ჩხოროწყუ – 33,37%
- ბათუმი – 39.36%
სამწუხაროდ, ამ არჩევნების შედეგად, ქვეყანაში კიდევ უფრო განმტკიცდა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დომინაციით განპირობებული ორპოლუსიანი, ერთმანეთის მიმართ აგრესიულად დაპირისპირებული პოლიტიკური გარემო, რომელიც კარგს არაფერს უქადის ქვეყანას. როგორც ამ შედეგებიდან ჩანს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების მნიშვნელოვან ნაწილში ოპოზიცია ან გაიმარჯვებს, ან ძალიან სერიოზულად იქნება წარმოდგენილი, რაც შექმნის ახალ რეალობას საქართველოს მუნიციპალიტეტებში.
2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ უკვე აღარ იქნება ის სიტუაცია, როცა პრემიერმინისტრიდან დაწყებული, უკანასკნელი სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელით დამთავრებული, ერთი – მმართველი პარტიის წარმომადგენელი და მისი ნების უტყვი აღმსრულებელი იყო.
შეძლებენ თუ არა წარმომადგენლობითი ორგანოები რეალურად და ეფქტურად შეასრულონ მაკონტროლებელი ფუნქცია და სწორად გამოიყენონ ის საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები, რაც საკრებულოს გააჩნია, მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული საკრებულოების ოპოზიცური პარტიების წევრთა პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაზე. თვითმმართველი ქალაქების ნაწილსა და ზოგიერთ სათემო მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიები, ალბათ, ეცდებიან კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას. რამდენად არის პოლიტიკური სპექტრი მზად, ურთიერთთანამშრომლობით შეძლოს ამ ამოცანის გადაწყვეტა და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, ეს თავად პარტიების პოლიტიკურ გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული.