მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღმა

1489

თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითთმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაბალია, ოქალაქეები საკრებულოს სხდომებს ფაქტობრივად არ ესწრებიან.  ამის მიზეზი არაინფორმირებულობა და ის ნიჰილიზმია, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაურთველობა იწვევს.

მოქალაქეები საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღისა და საკითხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რაც მათი ინდეფერენტულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ მათ აზრს არავინს გაითვალისწინებს და ჩართვის საჭიროებასაც ვერ ხედავენ.

როგორც knews.ge-ის ქუჩის გამოკითხვით გაირკვა, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას თელავის საკრებულო და გამგეობისთვის ერთხელაც არ მიუმართავს. (იხილეთ გამოკითხვა)

,,არასდროს მიმიმართავს გამგეობისთვის, შენობაშიც არ ვყოფილვარ. გინდაც რამე დამჭირდეს, მიმართვას არამგონია, რამე აზრი ქონდეს. სოფელში კრებები თუ ოდესმე ტარდებოდა, მე არ მსმენია, არ მიმიღია მონაწილეობა. ხალხი პურის ფულის შოვნაზეა გადასული, ვის აინტერესებს არაფრისმომცემი შეხვედრები? არც შენს აზრს ითვალისწინებენ და არც გისმენენ. ვის ჭირდება აქტიური მოსახლეობა?“,– განაცხადა knews.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის მკვიდრმა, ცისანა თულიანმა.

თელავის მკვიდრი ნინო გოგაშვილი აღნიშნულ პროცესებში მონაწილების აზრს ვერ ხედავს და განმარტავს, რომ თვითმმართველობაში ჩართულობა შედეგს არ მოიტანს.

,,თითქოს არავის ანტერესებს, შენ ვინ ხარ. ინტერესდებიან, როდესაც ხმები სჭირდებათ, არასდროს დავსწრებივარ,მინდა, რომ დავესწრო, მაგრამ აზრი არ აქვს, ბევრ საკითხს ჩაკეტილ სივრცეში წყვეტენ. არასდროს ვიცი, სად იმართება, როდის, რა საკითხზე, მოსახლეობს ინფორმაციას არ აწვდიან. მაქვს სოფელი და გარკვეული პერიოდი იქ მიწევს ცხოვრება, მოსახლეობას არავინ არ ეუბნება, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში “,– აღნიშნავს გოგაშვილი.

თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი ირწმუნება, რომ ბოლო წლებში სოფლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის შედეგად მოგვარდა.

,,გადავჭერით სოფლებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, გარემონტდა საბავშვო ბაღები, მოწესრიგდა გარე განათება, დაიდგა ნაგვის ურნები, გაიწმინდა სტიქიური ნაგავსაყრელები და სხვა. თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების შემდეგ კი სოფლებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების სწორი პრინციპით გადანაწილების შემდეგ, მოსახლეობის ჩართულობა კვლავაც იქნება. მმართველობის ფორმა იცვლება იმისთვის, რომ მოქალაქეები სრულფასოვნად ჩაერთონ. საკრებულოში დეპუტატების უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება სწორედ სოფლებიდან, რაც თავისთავად გამორიცხავს იმ აზრს, რომ სოფლებში პროექტები გაჩერდეს“, –აღნიშნავს knews.ge-სთან გიორგობიანი.

საპირისპიროს ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელიმარეხ მგალობლიშვილი:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ მოქალაქეებისთვის არაფერი შეცვლილა. მოსახლეობა არ ესწრება საკრებულოს სხდომებს და არ აქვთ ინფორმაცია თვითმმართველობის მუშაობის შესახებ. ერთ–ერთ მიზეზად მოსახლეობის ინდეფერენტულობა შეიძლება დავასახელოთ. საზოგადოების დიდ ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ჩართულობას თვითმმართველობის საკითხებში აზრი არ აქვს”,–ამბობს knews.ge-სთან მარეხ მგალობლიშვილი.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს დაემატა თავი „მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტში პეტიციის წარდგენას,  პრაქტიკაში ვერ ხორციელდება. საზოგადოების დიდ ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მარეხ მგალობლიშვილს მიაჩნია, რომ ასეთი ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოდელი და შესაბამისი მეთოდოლოგია უნდა შემუშავდეს.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, თვითმმართველ ერთეულში, მიმდინარე წელს, არც ერთი პეტიცია არ შესულა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, სოფლებში უნდა შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭოები, თუმცა ეს ცვლილება ვერ განხორციელდა. კანონმდებლობის მიხედვით, სოფელში გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსახლეობის მონაწილეობას ხელი შეუწყოს და მისი მოთხოვნები გაითვალისწინოს.

,,საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც ინსტიტუტის ამუშავება გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად, ორივე მხარეს აძლევდა ქმედით ბერკეტებს, თუმცა არ შედგა. მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ აქტიურად ჩაერთონ, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელება. რწმუნებულები უნდა ახდენდნენ მოქალაქეთა სრულ ინფორმირებას ნებისმიერი სიახლის შესახებ და უზრუნველყოფდნენ მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში,”–აცხადებს knews.ge-სთანსაუბრისას ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი.

ექსპერტები, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეთა კიდევ უფრო ნაკლებ ჩართულობას ვარაუდობენ.

,,თელავის თვითმმართველი ერთეული, ძირითადად, მოსახლეობასთან კომუნიკაციას ახორციელებს ფეისბუქის მეშვეობით, რაც არასაკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციალიტეტებმა ვებ–გვერდები განაახლეს, მაინც არ არის საკმარისი ინფორმაცია, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მიიღონ მუნიციპალური სერვისები. ვებ–გვერდზე მხოლოდ სერვისების ჩამონათვალია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მერიამ ცოტა მეტი ყურადღება და ადამიანურირესურსი დაუთმოს ვებ–გვერდის განახლებას და სერვისების შესახებ ინფორმაციის დამატებას. ეს მოსახლეობას დაეხმარება, უმოკლეს პერიოდში მერიისგან მიიღოს სხვადასხვა სახის მომსახურება ისე, რომ მათ არ მოუწიოთ მერიაშიხშირად მისვლა“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას „რეგიონის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ქრისტინა ფარჯიანი.

ექსპერტებს თვითმმართველობის საკითხებში მიაჩნიათ, რომ გარდა მოქალაქეთა ინფორმირებისა, მათი აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში უმთავრესია. გადაწყვეტილების მიღების პროცეში მოქალაქების ჩართვის არსებული მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში ფორმალური ხასიათს ატარებს.

,,თუ მუნიციპალიტეტის ორგანოები ბიუჯეტის, ან სხვა პროექტების დაგეგმვის პროცესში დაეკითხებიან მოსახლეობას, თუ რა საკითხის გადაჭრა სურთ მათ და ამის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას, საბიუჯეტო სახსრები ბევრად უფრო ეფექტურად მოხმარდება ადამიანების კონკრეტული ყოფითი, კომუნალური, თუ სოციალური პრობლემების გადაჭრას, რაც არის თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ გზით  შეძლებენ, სწორად დაგეგმონ საქმიანობის პრიორიტები. საბიუჯეტო სახსრები არ დაიხარჯება ნაკლებმნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება მათი საქმიანობით“, – ამბობს knews.ge-სთან ირაკლი მელაშვილი.

მისივე შეფასებით, ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებიდან ყველაზე  წარმატებული  თვითმმართველობის რეფორმა განხორციელდა პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში.

,,თვითმმართველობის წარმატებული მოდელი ბევრია. აშშ-საც ძლიერი თვითმმართველობა აქვს, აგრეთვე საფრანგეთს, გერმანიას, დანიას, ჩეხეთს, იტალიასაც და სხვა. ქვეყნების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს მოდელები ერთმანეთისაგან განსხვავდება,“ – განაცხადა knews.ge-სთან ირაკლი მელაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარე გიორგი აბულაძე აღნიშნავს, პოლონეთმა როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყანამ, სწრაფ განვითარებას მიაღწია დემოკრატიული პროცესების ამაღლების ხარჯზე.

,,ჩვენი ორგანიზაცია პოლონურ და ქართულ არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლებთან ერთად მუშაობს მონაწილეობითი დემოკრატიის კიდევ ერთახალ ფორმაზე – სამოქალაქო ბიუჯეტის საკანონმდებლო ინიციატივაზე. ეს ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფასპროექტებისთვისრომლებსაც მოქალაქეები წარუდგენენ მუნიციპალიტეტსმოქალაქეებს მიეცემათ საშუალებაჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნავს knews.ge-სთან გიორგი აბულაძე.

სტატია ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

წყარო: კახეთის ხმა

ფოტო: კახეთის ხმა