ღარიბაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან არჩევნები შეფასდა ცალსახად პოზიტიურად – ჩვენ ამ ნდობას გავამართლებთ

186

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის – დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან არჩევნები ცალსახად პოზიტიურად შეფასდა.

„მე მინდა პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად, მშვიდ და თავისუფალ გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის, დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა. ჩვენი კანდიდატები მეორე ტურში 20-ვე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამ ნდობას გავამართლებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.