ვაპირებთ მხარი დავუჭირო ოპოზიციურ კანდიდატს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ , – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია მოახდინა.
“ჩვენ კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მოწმენი გავხდით. ამ არჩევნებს, სამწუხაროდ, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვით, დაშინების ფაქტებით სავსე.
სამწუხაროდ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და უნდა დავასრულოთ ასეთი ტიპის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია.
მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხების და ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რამდენადაც 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ გამხდარა.
რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოში ჩვენ გვეყოლება ორი წარმომადგენელი, ვფიქრობთ, ფრაქციის შექმნაზე. ბათუმის საკრებულოში ჩვენ 2 წარმომადგენელი გვყავს, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, გაუქმდება მაჟორიტარული ოქმის შედეგი და ჩვენი პარტიის წევრი, გენო თებიძე მეორე ტურში გადავა. ყოვლად დასაგმობი სიყალბე ჩაიდინეს. იმედი გვაქვს, ჩვენი წარმომადგენლობა ბათუმის საკრებულოში სამკაციანი გახდება.
მიუხედავად ყველა სირთულისა, „ლელომ“ დიდი ნაბიჯი გადადგა პარტიული განვითარების მიმართულებით, რათა შევცვალოთ ეს ორპოლუსიანი მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ სახეზე იყო იმისა გამო, რომ პირველ ოქტომბერს ასეთი მოვლენები განვითარდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ამან პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინა, ამან საარჩევნო დღის შედეგები და გარემო შეცვალა, საბოლოო შედეგებზეც იქონია გავლენა. ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.