საარჩევნო დღის შეჯამება და ხმების პარალელური დათვლის შედეგები – isfed

94

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) დააკვირდა.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებდა მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი).

არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation – PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2 ოქტომბრის განმავლობაში 4-ჯერ წარმოგიდგინათ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. ამჯერად, ორგანიზაცია “ წარმოგიდგენთ ხმის დათვლის პროცესის შეფასებას და არჩევნების დღის საბოლოო შედეგებს.

წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია

არჩევნების დღის მისია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის გაგრძელებაა, რომელიც ორგანიზაციამ 2021 წლის 1 ივნისს დაიწყო და მოიცავდა როგორც ადგილზე დაკვირვებას 71 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, ისე წინასაარჩევნო კამპანიის ანალიზს სოციალური მედიის პლატფორმებზე.

„სამართლიანი არჩევნების“ მიგნებების თანახმად, წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული რესურსების მობილიზაციის გამო. წინასაარჩევნო გარემოს ახასიათებდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიცირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. ამგვარი ფაქტებისა და ტენდენციების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიას არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარებდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს.

უბნის შიგნით, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემისა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემის შემთხვევები. დაფიქსირდა რეგისტრატორების მიერ ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი.

პრობლემური იყო ზოგიერთი უბნის მიმდებარედ არსებული გარემო, სადაც გამოიკვეთა ამომრჩეველთა მობილიზების, აღრიცხვისა და სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. პრობლემას წარმოადგენდა პარტიების კოორდინატორთა, ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლთა და/ან დაუდგენელ პირთა შეკრებები, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში და/ან მის ფარგლებს გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჯგუფებად იმყოფებოდნენ. დაფიქსირდა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც. გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა რამოდენიმეჯერ გადაყვანის შემთხვევა საარჩევნო უბნამდე.

ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 260-მდე საჩივარი. 60 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით (ეროვნული დონე):

  • საარჩევნო უბნების 2%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები;
  • ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 2%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურის დაცვით გადანაწილდა;
  • საარჩევნო უბნების 6%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა;
  • საარჩევნო უბნების 8%-ზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით (თბილისი)

  • თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ თბილისში ახალი სახის კენჭისყრის კაბინები (დაბალი და ღია პანელით) შემოიღო. აღნიშნული კაბინები თბილისის უბნების 6%-ზე ფიქსირდებოდა. ძველი კაბინები იდგა უბნების 3.4%-ზე;
  • საარჩევნო უბნების 4%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები;
  • ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 3%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურის დაცვით გადანაწილდა;
  • საარჩევნო უბნების 1%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა;
  • საარჩევნო უბნების 8%-ზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა.

გარე დაკვირვების სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი 120  უბნიდან სრულად მიიღო. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

  • უბნების 8%-ზე პირთა საეჭვო შეკრება შეინიშნებოდა 100 მეტრამდე პერიმეტრში. უბნების 10.8%-ზე შეკრება 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო უბნების 8.3%-ში, შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა. გარე დაკვირვების უბნების 59.2%-ზე, უბნის მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრება არ გამოვლინდა;
  • გარე დაკვირვების უბნების 7%-ზე, ამომრჩეველთა აღრიცხვა 100 მეტრამდე პერიმეტრში მიმდინარეობდა. უბნების 5.8%-ზე აღრიცხვა ხდებოდა 100 მეტრის გარეთ, ხოლო უბნების 3.3%-ზე აღრიცხვა პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა; უბნების 78.3%-ზე, უბნის მიმდებარედ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა აქტორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა არ გამოვლენილა;
  • უბნების 3%-ზე, გამოვლინდა ფიზიკური/სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები. ზეწოლა/მუქარისა და მოსყიდვის შემთხვევები დაფიქსირდა უბნების 8.3%-ზე და 4.2%-ზე, შესაბამისად. აღნიშნული დარღვევები არ დაფიქსირებულა უბნების 81.7%-ზე;
  • გარე დაკვირვების უბნების 60%-ზე, უბნის მიმდებარედ პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ;
  • უბნების 9%-ზე, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის დაშორებით, სააგიტაციო მასალა/კედლის გრაფიტი განთავსებული არ ყოფილა. კამპანიის მასალების განთავსების ფაქტი უბნების 5.1%-ზე დაფიქსირდა;
  • უბნების 5%-ზე ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად არ დაფიქსირებულა. აღნიშნული შემთხვევები უბნების 22.5%-ზე გამოვლინდა.

არჩევნების დღის შედეგები (პროპორციული, ეროვნულ დონე)

ისფედმა  PVT-ის შედეგები დამკვირვებლის 95%-სგან მიიღო. ქვემოთ მოცემულია პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში, ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს. მოცემული ცხრილი მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).

პარტია გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
#1 მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი 1.4% +/- 0.21% 1.2% 1.6%
#2 ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა 1.8% +/- 0.27% 1.5% 2.0%
#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 31.1% +/- 1.07% 30.0% 32.2%
#8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 1.5% +/- 0.12% 1.4% 1.6%
#9 ლელო 2.6% +/- 0.20% 2.4% 2.8%
#10 შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1.3% +/- 0.10% 1.2% 1.5%
#25 გახარია – საქართველოსთვის 7.7% +/- 0.53% 7.2% 8.2%
#36 გირჩი 1.0% +/- 0.10% 0.9% 1.1%
#41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 46.6% +/- 1.18% 45.4% 47.8%
#45 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება 1.4% +/- 0.17% 1.2% 1.6%
სხვა 3.7%

 

არჩევნების დღის შედეგები (პროპორციული, თბილისი)

ისფედმა თბილისის  PVT-ის შედეგები დამკვირვებლის 95%-სგან მიიღო. ქვემოთ მოცემულია პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში, ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს. მოცემული ცხრილი მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).

Party გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
#1 მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი 1.0% +/- 0.08% 0.9% 1.1%
#2 ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა 1.1% +/- 0.15% 1.0% 1.3%
#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 28.3% +/- 0.89% 27.4% 29.1%
#7 ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები 2.5% +/- 0.13% 2.3% 2.6%
#8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 1.7% +/- 0.12% 1.5% 1.8%
#9 ლელო 3.7% +/- 0.24% 3.4% 3.9%
#10 შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1.3% +/- 0.10% 1.2% 1.4%
#25 გახარია  – საქარტველოსთვის 8.8% +/- 0.39% 8.4% 9.2%
#32 ელენე ხოშტარია – დროა 2.1% +/- 0.21% 1.9% 2.3%
#36 გირჩი 1.7% +/- 0.13% 1.5% 1.8%
#41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 39.7% +/- 0.99% 38.7% 40.7%
#45 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება 3.4% +/- 0.23% 3.1% 3.6%
#48 ანა დოლიძე – ხალხისთვის 2.5% +/- 0.17% 2.4% 2.7%
სხვა 2.2%

 

საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები

20:00 საათის შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში

  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესში აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა, რის შესახებაც, მან ახსნა-განმარტება დაწერა. შესაბამისად, აღნიშნულ უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერებს რაოდენობას;
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, სიებში არსებული ხელმოწერების დათვლისა და აგრეთვე გაცემული ბიულეტენების რაოდენობის შედარების შემდეგ გაირკვა, რომ საარჩევნო კომისიის მიერ გაცემულია საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის გათვალისწინებული ბიულეტენების მეტი რაოდენობა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრი რეგისტრირებული იყო უბნის სპეციალურ სიაში და არ წარმოადგენდა უბნის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს;
  • #68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესში ერთ-ერთ კონვერტში აღმოჩნდა მერის არჩევნებისთვის განკუთვნილი ორი ბიულეტენი, რომელთაგან ერთი ერთი რეგისტრატორის მიერ იყო დამოწმებული, მეორე კი მეორე რეგისტრატორის მიერ.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე წილისყრით გამოვლენილი მთვლელების მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტინების დათვლაში უშუალოდ მონაწილეობენ კომისიის სხვა წევრები და სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები. ამასთან, საარჩევნო კონვერტებიდან დადგენილზე მეტი ოდენობის ბიულეტენების აღმოჩენისას, ისინი შეურიეს და ჩათვალეს ნამდვილ ბიულეტენებში. ასევე, საარჩევნო ყუთში კონვერტის გარეშე არსებული ბიულეტენები ჩაითვალა ნამდვილად. ამგვარი ფაქტები ხმის დათვლისას დაფიქსირდა არაერთგზის. სამართლიანი არჩევნები მოითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას;

ხმის დათვლის პროცესში ვიდეოგადაღების წესის დარღვევა

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დაწყების დროს მიმდინარეობდა ვიდეო ფიქსაციის პროცესი, რომელიც გაურკვეველ დროს შეწყდა. საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს ვიდეოაპარატურა ერთი საათის განმავლობაში იყო გამორთული, „სამართლიანი არჩევნების“ შენიშვნის შემდგომ მოხდა ვიდეო აპარატურის ჩართვა;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის კომისიის მთვლელები ბიულეტენების დათვლისას, ბიულეტენებს ვიდეოკამერას არ აფიქსირებინებდნენ. მითითებების მიუხედავად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა ეს პრობლემა. ასევე, ხმების დათვლის პროცესში მთვლელების გარდა ჩართულები იყვნენ სხვა პირებიც;
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე ყუთის გახსნის დროს არ იყო ჩართული ვიდეო ფიქსაციის კამერა. იგი ჩართეს ყუთების გახსნის შემდეგ. ასევე, კომისიის მიერ ყუთების გახსნამდე არ დაილუქა რეგისტრატორების ბეჭდები და ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიები;
  • დიდუბის #8 საარჩევნო უბანზე პირველი მთვლელი ბიულეტენების ამოღებისას ვიდეოზე არ აფიქსირებდა ბიულეტენის წინა მხარეს და არ აცხადებდა ვისთვის იყო მიცემული ხმა. ამასთან, უბანზე გარკვეული პერიოდით გაითიშა ვიდეოფიქსაციის პროცესი, რომელიც მოგვიანებით აღდგა. დამკვირვებელმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს მიუთითა არსებულ დარღვევებზე, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. თავმჯდომარემ განმარტების სახით მიუთითა, რომ მოქმედებდა საოლქო საარჩევნო კომისიის მითითებების შესაბამისად.

შემაჯამებელი ოქმის ასლების გაუცემლობა/დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #65 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს არ მისცა კომისიის წევრის წერილობით დაფიქსირებული ახსნა-განმარტებისთვის ფოტოს გადაღების საშუალება. დამკვირვებლის მხრიდან მითითების მიუხედავად, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დარღვევა არ აღმოფხვრა;
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელ ოქმის ასლი ბეჭდითა და ხელმოწერით არ დაუმოწმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს;
  • #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს, ხმის დათვლისას კომისიამ უფლება არ მისცა ფოტო გადაეღო კონვერტის გარეშე ყუთში მოთავსებული ბიულეტენისთვის. ამასთანავე, როგორც კომისიის წევრები, ასევე თავმჯდომარე მის მიმართ აგრესიულები არიან;
  • #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს გადაეცა შემაჯამებელი ოქმების ასლები ხელმოწერებისა და ბეჭდით დამოწმების გარეშე, ისე რომ ამის შესახებ ადგილზე საჩივრის დაწერის საშუალება არ მიეცა.

ბიულეტენების ბათილობა

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას აღმოჩენილ იქნა 28 ბიულეტენი, რომლებსაც არ ჰქონდა რეგისტრატორების ხელმოწერა. აღნიშნული ბიულეტენების უმრავლესობაში ხმა მიცემული იყო ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის.

საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესის დარღვევა

  • #20 რუსთვის სარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე ყუთები გაიხსნა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო საარჩევნო მასალის, მათ შორის სამაგიდე სიების, ბეჭდების და ა.შ დალუქვის გარეშე;
  • ხულოს საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიამ ხმის დათვლის პროცესში ცალკე კონვერტში მოათავსა და დალუქა მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებული ბიულეტენები და კონვერტზე გააკეთა შესაბამისი რაოდენობის აღმნიშვნელი წარწერა. მოგვიანებით კომისია დაეჭვდა მათ მიერ მითითებულ რაოდენობაში და გახსნა დალუქული კონვერტი;
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე, მასალების დალუქვისა და ხმების დათვლის შემდეგ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ დაულუქავად ჰქონდათ გამოუყენებელი ბიულეტენების დასტა;
  • დმანისის #23 საარჩევნო უბნიდან ოლქში შესულ მასალებს არ ახლდა რეგისტრატორი კომისიის წევრებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში კომისიამ ოლქში დალუქული ბეჭდები მიიტანა.

სხვა

  • #13 სიღნაღის #33-ში სამი ბიულეტენი აღმოჩნდა კონვერტის გარეშე, რომელიც კომისიამ ნამდვილად მიიჩნია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. უბნების გარე პერიმეტრზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.