ცესკო-ს თავმჯდომარე: არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა

621

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს „კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

მინდა შეგახსენოთ, რომ 3200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, წელს პირველად, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ასევე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება „google drive“-ის პლატფორმაზე და უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს კრწანისის საოლქო საარჩევნო უბნებზეც, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.