ხოშტარია: ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა

290

ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქმა თქვა ჩვენი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და „ქართული ოცნება“ დაამარცხა, – ამის შესახებ „დროას“ თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე თბილისს კოალიციური მმართველობა ეყოლება.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ დავიცვათ ხმები უახლოესი 2 საათის განმავლობაში. წარმომიდგენია აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა უბანზე ვიცავთ ხმებს. ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ კვლევა არ არსებობს, რადგან ყველაზე სანდო კვლევა არის Ipsos-ის.

„მსჯელობასაც კი არ ვაპირებ მათ კვლევებზე, ერთადერთი, სანდო, რაც მოვისმინეთ, ახლა არის Ipsos-ი. იგივე ინფორმაცია მოდიოდა უბნებიდან მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.

Ipsos-ის ეგზიტპოლი სრულად იხილეთ ბმულზე.