ჯაფარიძე: მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში

629

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ დასავლელი დამკვირვებლები დარღვევებთან დაკავშირებით შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ.„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და რაც დღეს ხდებოდა, ცალსახად მიანიშნებდა იმას, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასობრივად და ბევრი ამის ფაქტები არსებობს. მათ შორის ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა და ასე შემდეგ. რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, მგონი ყველასთვის იყო ნათელი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსულები და არა ბელარუსიდან და უკრაინიდან, ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.