20:00 საათისთვის საიას დამკვირვებლებმა 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს

356

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 20 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას გააცნობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მოგაწოდებთ ინფორმაციას უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე.

კვლავ გრძელდება პერიმეტრზე დაწესებული რეგულაციების დარღვევა, ამომრჩევლის ნების კონტროლი, მარკირების წესების უგულებელყოფის, გადასატანი ყუთით და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტით უბანზე შემოსვლის ფაქტები. კერძოდ:

  • ქუთაისის მე-80 უბანზე მაჟორიტარი კანდიდატის ბიულეტენით ხმა მისცა ორმა ამომრჩეველმა, რომლებიც სპეციალურ სიაში იყვნენ შეყვანილნი, რაზეც საიას დამკვირვებელმა საჩივრით მოითხოვა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
  • მარნეულის 65-ე უბანზე დამკვირვებელმა გამოავლინა მარკირებისა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები, რის შემდეგაც მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა. თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელი უბნიდან გააძევა, რაშიც სხვა დამკვირვებელიც აქტიურად იყო ჩართული;
  • მარნეულის 65-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომლის სიაშიც 40 ამომრჩეველი იყო, საარჩევნო უბანზე ერთ საათსა და 20 წუთში დაბრუნდა, ხოლო მისი ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო. Საიას დამკვირვებელმა მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა;
  • მარნეულის 48-ე უბანზე დაიწერა საჩივარი მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტზე. მიუხედავად ამისა, ამგვარი შემთხვევები არ აღმოიფხვრა და კვლავ გაგრძელდა. შედეგად საიამ საჩივარი დაიწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და მოითხოვა უბნის ბათილობა;
  • ზუგდიდის 90-ე უბანზე საიას დამკვირვებელს სხვა დამკვირვებლებმა შეუქმნეს არასასურველი გარემო მას შემდეგ, რაც დარღვევის ფაქტი დააფიქსირა, კერძოდ, რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის 41 ნომრისთვის ხმის მიცემის მოწოდების შემდეგ;
  • გორის 70-ე უბანზე კაბინები ისე იყო განთავსებული, რომ ხმის მიცემის დროს ირღვეოდა ფარულობა;
  • Ბათუმის 55-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ძირითად ყუთში ჩააგდო კონვერტი ბიულეტენებით. კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების რეაგირების შემდეგ განაცხადა, რომ კონვერტი ამომრჩეველს ეკუთვნოდა და მისი თხოვნით ჩააგდო;
  • დიდუბის 27-ე უბანზე ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო, ჩანაწერთა წიგნში ლუქის ნომრები გადასწორებული იყო კორექტორით, რაზეც საიამ მოითხოვა კენჭისყრის შეჩერება, ყუთის დალუქვა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

20 საათის მდგომარეობით, ჩამოთვლილი დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი  ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.