ზუგდიდის #17 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, – ამის შესახებ უბნის თავმჯდომარემ უბნის დახურვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს მომხდარი ინციდენტის გამო გადასატანი ყუთი გაბათილდება და ის გაუხსნელად ცესკოში გადაინაცვლებს.
გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას „ლელოს“ დამკვირვებელი კესო წულაია ითხოვდა. როგორც კესო წულაია ამბობს, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული 37 პირის ბიულეტენი ყუთში იყო, თუმცა რამდენიმე მოქალაქეს გადასატანი ყუთით არ უსარგებლია.
„37 ადამიანი იყო რეგისტრირებული. ყუთში 37 ბიულეტენია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ იდენტიფიცირება 6 პირის, რომლებსაც ხმა არ მიუციათ“,- ამბობს კესო წულაია.