“ოცნებაც” ზეიმობს და ნაციონალური მოძრაობაც. ორივე პარტიაში შედეგებს უკვე ზეიმობენ. ამის მიზეზი კი ეგზიტპოლებია, რომლებიც სამმა ტელეკომპანიამ – “იმედმა”, “ფორმულამ” და “მთავარმა არხმა” გამოაქვეყნეს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. ამ მონაცემებით “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა 51.3% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ჩაატარა, თბილისის მერობის არჩევნებზე ნიკა მელია ლიდერობს – 40,8%-ით, ხოლო კალაძემ 40,2% დააგროვა.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით კი, კახა კალაძემ 43% მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ – 39%.
“ფორმულას” და “მთავარი არხის” ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში მეორე ტური უნდა გაიმართოს.
სამივე ეგზიტპოლი 18:00 საათის მონაცემებს შეიცავს.