ცესკო: კრწანისის ოლქში, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების დახმარებით მიმდინარეობს, ხარვეზები დაფიქსირდა, ასევე, ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე

334

ცესკოს ინფორმაციით, კრწანისის ოლქში, სადაც ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული საშუალებების დახმარებით მიმდინარეობს, ხარვეზები დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებითაა დაფიქსირებული.

„კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და 32-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და აღნიშნულ უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები ჩანაცვლდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ედისონ რისერჩის“ მკვლევარებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხელს უშლიან კვლევის წარმოებაში. მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეუშლიან ხელს მათ კვლევის განხორციელებაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ნათია იოსელიანის განცხადებით, სოციალურ მედიაში ვრცელდება ბიულეტენის ფოტოები, რომელიც ზედა მხარეს გამყოფი, პერფორაციის ზოლთან არასწორად არის მოხეული, აღნიშნულ ფოტოს ასევე ავრცელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც.

„განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენზე ასახულია და ცალსახად ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ასე მოხეული ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად და გავრცელებული ინფორმაცია ასეთი ბიულეტენის შესაძლო ბათილობის შესახებ არის მანიპულაცია და სიცრუე. ასევე არასწორია ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის 23-ე საარჩევნო უბანზე ძველი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია. საარჩევნო უბანზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია განთავსებული“, – განაცხადა იოსელიანმა.