მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ კანდიდატთან დავჯდე დებატებში, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კალაძის დღევანდელი შეთავაზება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს ჰგავს, სადაც დავით ნარმანია სხვა მერობის კანდიდატებს საერთო ეთერში მონაწილეობას სთავაზობდა. უდუმაშვილის განცხადებით, კანდიდატი მედიას დებატების ფორმატს არ უნდა კარნახობდეს, რადგან ეს მისი პრეროგატივა არ არის. ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ დებატები ამომრჩეველთან საუკეთესო კომუნიკაციაა.
”პირადად მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებიმიერ არხზე, დავჯდე დებატებში, ნებისმიერ კანდიდატთან. ამომრჩეველთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება სწორედ დებატებია. კონკრეტულად კალაძის განცხადებას რაც შეეხება, არ მგონია, რომ კანდიდატი უნდა კარნახობდეს დებატების ფორმატს, ეს მედიის პრეროგატივაა. მახსენდება 2014 წლის არჩევნები, მაშინაც ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა დავით ნარმანიას, რომ საერთო დებატები გამართულიყო, ერთ და არა ყველა არხზე. დღესაც იგივე სტრატეგია აქვს ”ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე, შტაბის უფროსმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში.
წყარო: ინტერპრესნიუსი