„ქართული ოცნების“ პრობლემა იმაშია, რომ იდეურად განსხვავებული მიდგომა გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა, სადაც „ერთობა – ახალი საქართველოს“ გუნდის წევრებმა ამომრჩეველს სრულიად ინოვაციური და განსხვავებული პროგრამა წარუდგინეს.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მის გუნდს შეუძლია შექმნას წარმატების ქართული მოდელი.
„ქართული ოცნების“ პრობლემა იმაშია, რომ იდეურად განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გვინდა მუდმივად ინოვაციები, ჩვენ კოპირების გაკეთება არ შეგვიძლია. გამწვანება, სოციალური უზრუნველყოფა, ბიუროკრატიის შემცირება და უამრავი ახალი პროექტი გვაქვს – ყველგან ინოვაცია და განსხვავებული მიდგომაა. გვაქვს ამბიცია, ვიყოთ წარმატებულები და გვაქვს მიზანი – საქართველო იყოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის, თბილისი კი ლიდერ ქალაქთა შორის.
„ქართული ოცნების“ მიდგომა რა არის? „ქართული ოცნების“ მიდგომაა ჭაობში ლპობა. ისინი ამბობენ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ გვინდა პარადიგმა შევცვალოთ, წარმატების ქართული მოდელი შევქმნათ და არა უბრალოდ ვაკოპიროთ ის, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი