ორგანიზაციების – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო მეტ-ნაკლებად კონკურენტულ იყო, თუმცა „გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ“.
საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასების მიხედვით, გამოკვეთილი ტენდენციების ერთობლიობა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო.
„შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო მეტ-ნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების მობილიზაციის გამო. წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ. ზეწოლა-მუქარის შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა. წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი ამ არჩევნებზეც თვალშისაცემი იყო.
წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება. მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების არაეფექტურმა გამოძიებამ გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პროცესებზე და საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი გაზარდა.
ჩამოთვლილი ფაქტებისა და ტენდენციების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო“,- აღნიშნულია ორგანიზაციების შეფასებაში.