ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის უპირველესი და პრიორიტეტული პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან მაღალი ალბათობით უკანონოდ უსმენს მოქალაქეების განუსაზღვრელ რაოდენობას, აგროვებს მათზე იმ ტიპის ინფორმაციას, რაც არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესის საგანი და არავინ იცის, შემდგომ რა მიზნით იყენებს ამ ინფორმაციას, – ამის შესახებ სახალხო დამცელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება მედიის მხრიდან ე.წ. სუს-ის ფაილების გასაჯაროვებას, ომბუდსმენის შეფასებით, ეს მაღალ საჯარო ინტერესს ემსახურება და აქამდე, მისივე დაკვირვებით, მედიას პერსონალური და პირადი ინფორმაციის დაცულობის სტანდარტი არ დაურღვევია.
„ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარ პრობლემაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, იმაზე, რომ უკანონოდ გროვდება ათასობით ადამიანზე ინფორმაცია. რაც შეეხება მედიის ქმედებებს, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ამ ინფორმაციის გაშუქებას მედიაში. თუკი იქნება ისეთი ფაქტები, რომ ამ ინფორმაციის გაშუქებით უხეშად შეილახება ვინმეს უფლება, გვექნება რეაგირება. თუმცა, ამ ეტაპისთვის, მედიის წარმომადგენლები მეტწილად იცავენ სტანდარტს, რასაც პერსონალური და პირადი ინფორმაციის დაცულობა ჰქვია. მე ვიცნობ ამ ფაილების ნაწილს და იქ არის ძალიან სენსიტიური ინფორმაცია, რაც არ უნდა გაშუქდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა მედიასაშუალება არის ძალიან დიდი ცდუნების ქვეშ, რომ ეს ინფორმაციები იყოს გამოჟონილი. ყველა მედიასაშუალებას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პირების იდენტიფიცირებისგან და თუ არ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ამ ტიპის ინფორმაციები არ უნდა გაშუქდეს. თუმცა, მივიჩნევ, რომ მედიის მხრიდან ამ ტიპის ინფორმაციის გაშუქება ემსახურება საჯარო ინტერესებს, იმ ინტერესს, რომ საზოგადოებამ იცოდეს – სამწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან მაღალი ალბათობით ხდება პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან“, – აღნიშნა ლომჯარიამ.