საია-ს ანგარიში: 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული ფაქტები, ასევე, მუქარის და ზეწოლის სავარაუდო ფაქტები

476

წინა სტატია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2021 წლის 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ის პრობლემები, რომლებიც საია-მ დააიდენტიფიცირა, იყო მნიშვნელოვანი სახის დარღვევები და ასევე, შესაძლებელია იყო ცუდი პრაქტიკის შემცველი ქმედებები.

სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა წარმოადგენს ცუდ პრაქტიკას. კერძოდ, საია-ს თავმჯდომარემ განმარტა, რომ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში არაერთხელ გაკეთდა აქცენტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლზე.

„უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი, როგორც საოლქო ისე უბნის დონეზე. ჩვენ ვნახეთ ოლქების დონეზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაკომპლექტდა არა 2/3-ის უმრავლესობით, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, არამედ კანონმდებლობაში ჩადებული ე.წ. ანტიკრიზისული მექანიზმის მეშვეობით. ეს ჩანაწერი კანონმდებლობაში 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება და ოლქის და უბნის დონეზე ასეთი რაღაც კანონმდებლობაში რომ ჩაიწერა, ეს არ იყო 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისი და მეორე საკითხია, რომ ამის საჭიროება საერთოდ არ იყო.

ასევე ვნახეთ ისიც, რომ დაბალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, რაც შესაძლებელია დაკავშირებული ყოფილიყო ასევე იმასთან, რომ დროის მცირე მონაკვეთი იყო მოცემული განაცხადების წარდგენისთვის და ასევე, კომისიების მხრიდან კომისიების დაკომპლექტებასთან მიმართებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს მცირე ვადების პრობლემა ახალი არ არის და ჩვენ ადრეც გვინახავს. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ამ პერიოდში სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა წარმოადგენს ცუდ პრაქტიკას და ეს საერთაშორისო დოკუმენტებით არის მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების თითოეული ქმედება უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ნათლად ივლებოდეს ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ და პირიქით, ჩვენ პრემიერის განცხადებაში არაერთხელ მოვისმინეთ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას სწორედაც აქცენტი კეთდებოდა მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლზე იმ პროგრამების განხორციელებაში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამ თვალსაზრისით რამდენიმე შემთხვევა დავაიდენტიფიცირეთ და ამ შემთხვევებთან მიმართებით ჩვენ საჩივრით მივმართეთ შესაბამის კომისიებს. ნაწილზე დასრულებულია წარმოება, ნაწილზე მიმდინარეობს. ძირითადად ეს ფაქტები, რომლებიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ მმართველ პარტიას უკავშირდებოდა.

ასევე, ჩვენ გვქონდა აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტები სხვადასხვა დონის კომისიის წევრების მხრიდან. ერთ-ერთი ფაქტი უკავშირდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულ წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელსაც ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა. მეორე შემთხვევა, სავარაუდოდ უკავშირდებოდა ერთ-ერთი საუბნო კომისიის წევრის დასწრებას მმართველი პარტიის ღონისძიებაზე.

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი არის ამომრჩევლის მოსყიდვასთან და სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ. საანგარიშო პერიოდში როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიები სთავაზობდნენ უფასო სერვისს მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ეს კანონმდებლობით აკრძალული ქმედებაა. ასევე, ვნახეთ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მმართველი პარტიის მხრიდან ხდებოდა მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ გარკვეული პროდუქტების გადაცემა მოსახლეობისთვის და ასევე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კერძოდ “საქართველოსთვის” მხრიდან აი, ამ წესების დარღვევის ფაქტი დავაიდენტიფიცირეთ და ასევე, გვაქვს ერთი სავარაუდო, მოსყიდვის შემთხვევა, რომელიც შესაძლებელია მმართველ პარტიას უკავშირდებოდეს.

ვნახეთ, რომ საარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა და იყო გარკვეული ფაქტები. ეს ძირითადად მიემართებოდა ოპოზიციურ პარტიებს. აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

გვინდა ხაზი გავუსვათ მუქარის და ზეწოლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით შემთხვევებს, რომლებსაც გამოძიება სჭირდება, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმოქმედონ ამ ფაქტებთან მიმართებით. ფაქტები, რომლებიც ჩვენ აღვრიცხეთ შეეხებოდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებთან და მხარდამჭერებთან დაკავშირებულ საკითხებს. ფაქტები შეეხებოდა “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე პარტია “საქართველოსთვის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კანდიდატებთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულის შემცველ ქმედებებს. ასევე, ჩვენ გვქონდა გარკვეული ფაქტები ოპოზიციური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიაში დაბრკოლების შექმნის. კერძოდ, ტელეკომპანია „იმედმა“ უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო კლიპის განთავსებაზე.

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხები და ყველა ეს ფაქტი უკავშირდებოდა პარტია “საქართველოსთვის”, – განაცხადა სიმონიშვილმა.