რევაზ სოხაძე: მომავალ წელს ვარკეთილში სკეიტპარკი მოეწყობა

439

სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე მომავალი წლიდან სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომელიც კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობდა.

„მებრძოლთა ქუჩაზე ორი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ორი ჰექტარი ტერიტორია დაიბრუნა, სადაც მომავალი წლიდან სკეიტპარკის მოწყობა დაიწყება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, სამგორში მცხოვრები მოზარდები დაინტერესებულები არიან გართობის ამ საშუალებით.

„ეს ბავშვები დღეს დედაენის პარკში დადიან სასრიალოდ, თუმცა, პრობლემაა, რომ მოზარდები ამხელა მანძილზე გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, სამგორის რაიონში ასეთი კომპლექსის გაჩენა ძალიან მაგარი იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც აქვე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, სკეიტპარკები ბოლო დროს პოპულარობით სარგებლობს.

„მზიურის პარკი, დედაენის პარკი, კიკვიძის პარკი – ამ პარკებში ყველგან მოეწყო სკეიტპარკები, რომლებითაც უამრავი ახალგაზრდა და ბავშვი სარგებლობს, დატვირთულია ყოველ საღამოს, რაც ძალიან სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი სპორტული გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველგან, სადაც შესაძლებლობა გვექნება, გავაკეთებთ სკეიტპარკებს, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის მოედნებს და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.