შალვა პაპუაშვილი 8 არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს, დაინტერესდნენ ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციით

535

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი 8 არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს, ოპოზიციური მედიით გავრცელებული დეზინფორმაციით დაინტერესდნენ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავარი არხის გუშინდელი გადაცემა დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია, რამაც ახსნა ე.წ. კრებსების ისტორია, როგორ ხდება რეალური გამონათქვამების აწყობა პრეზენტაციებად და ამის ისე წარმოდგენა, თითქოს ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა მედიის კვლევის პრეზენტაცია, სადაც დეზინფორმაციასთან დაკავშირებით რიცხვები დავასახელეთ. ტელეკომპანია „მთავარზე“ 1-დან 20 სექტემბრის ჩათვლით დეზინფორმაციული ხასიათის 194 სიუჟეტი გავიდა, დღეში საშუალოდ 10 ასეთი სიუჟეტი გადის. გუშინდელმა მთლიანმა გადაცემამ სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეავსო, ეს არის დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, რამაც კარგად დაგვანახა, მათ შორის შეიძლება ასევე ახსნა ე.წ. კრებსების ისტორია, ანუ როგორ ხდება რეალური გამონათქვამების, ფაქტების აწყობა შემდეგ პრეზენტაციებად და ამის ისე წარმოდგენა, თითქოს ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი. როცა იცი, რომ მოვლენა მოხდა, ეს შეძლება ისე გაყიდო, თითქოს წინასწარ იყო. გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ – ეს იყო ცარიელი ტექსტები, ჩვენ არ ვნახეთ არაფერი საერთოდ, რომელიც ამ ტექსტების რეალობას დაადასტურებდა, რომ ისინი მანამდე არსებობდა. არასერიოზულია, როცა მომხდარ ფაქტს აღწერს ვინმე, ტექსტად გადააქცევს და შეეცდება ამის გაყიდვას, თითქოს ეს წინასწარ იყო. თქვენ იცით, რომ ორი დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს დახმარებით, 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ინფორმაციული დაცულობის კოალიცია, რომლის ერთ-ერთი ამოცანა წინასაარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. მინდა საჯაროდ მივმართო ამ კოალიციას და ასევე მივმართავთ წერილობითაც, დაინტერესდნენ გუშინდელი გადაცემით, ვინაიდან ეს არის დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რაც გუშინ ვიხილეთ, სწორედ რუსული პიარ-ტექნოლოგიის ნაწილია.

„საინტერესოა, რომ ის ხალხი საუბრობს, მოშე გლუკჰაფტზე, რომელსაც რუსი პიარ-ტექნოლოგი შკლაროვი ჰყავდა თავის გუნდში. სწორედ რუსული პიარ-ტექნოლოგიის ნაწილია ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის ტიპიური „რაშა თუდეის“ ინსტრუმენტი, როდესაც ხდება ისტორიის შეთხზვა, რომელიც არ ეყრდნობა არანაირ ფაქტს. გუშინ არ ვნახეთ არცერთი მტკიცებულება გარდა სიტყვებისა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო კოალიციას, დაინტერესდეს ამ საკითხით, არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაცია იყოს მხილებული“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.