სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი მასშტაბური პროექტის – ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია და ის უკვე რამდენიმე დღეა ღიაა დამთვალიერებლისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო და ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტურობის სრული დაცვით განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე თუ საგამოფენო სივრცე.
„მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამ სახლში იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა და სამომავლოდ იგეგმება, რომ აღდგეს პირველი ქართული სანოტო სტამბაც. ეს დღეებია დამთვალიერებელი არ მოჰკლებია რეაბილიტირებულ მუზეუმს. სწორედ ესაა მიზანი, რომ თითოეულმა მუზეუმმა ახალი სიცოცხლე დაიწყოს – უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი. ჩვენ მომდევნო წლებში კიდევ ოთხი მუზეუმის რეაბილიტაციას ვგეგმავთ და ეჭვიც არ მეპარება, რომ თითოეული მათგანი ასეთივე ყურადღებასა და მოწონებას დაიმსახურებს“, – განაცხადა კალაძემ.