შიდა ქართლის რწმუნებული: ინფორმაცია, თითქოს ჩემსა და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა, სრული აბსურდია

522

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემსა და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს შორის მოხდა დაპირისპირება, არის სრული აბსურდი, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,მინდა, განცხადება გავაკეთო პარტიული ტელევიზიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, ჩემსა და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს შორის მოხდა დაპირისპირება, რაც არის სრული აბსურდი. ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი, ერთი გუნდის წევრები ვართ. მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო პროვოკაციული დეზინფორმაციები გადის. ამ ყველაფერზე პასუხს გასცემს ქართველი ამომრჩეველი 2 ოქტომბერს და „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.

,,ტვ პირველის” კითხვაზე, კონფლიქტის შემდგომ ვინ შეარიგა გუბერნატორი და სუს-ს უფროსი, ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა, რომ ამგვარი აბსურდული ინფორმაციების გავრცელება ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას.

,“თქვენ ცდილობთ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას და კონკრეტული თანამდებობის პირების დისკრედიტაციას. ეს არ არის სწორი, ეს არ არის კონკრეტული პარტიის მიმართ მტრობა, ეს არის ქვეყნის მიმართ მტრობა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორსა და სუს-ის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელს შორის უთანხმოება მოხდა, რასაც თან ახლდა ფიზიკური დაპირისპირება.