პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოალიციური მთავრობის აუცილებლობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ამბობს, რომ, შეიძლება, ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებს გულისხმობდა. მისივე თქმით, ეს პრეზიდენტის პირადი მოსაზრება და შეიძლება, სურვილიც არის.
“მე არ ვიცი იგი რას გულისხმობდა, არ მომისმენია მისი განცხადება, წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი. შეიძლება, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი, შეიძლება, არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და ალბათობა იმისა, რომ პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობა ფორმირდეს, არის საკმაოდ მაღალი. არ მილაპარაკია ქალბატონ პრეზიდენტთან, როცა დაბრუნება, მექნება საუბარი”, — განაცხადა მან იმედის ეთერში.
28 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ჟურნალ JDD-სთან ინტერვიუში თქვა, რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, მან, ასევე, დასძინა, რომ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას კოალიციური მთავრობა, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.