დოლიძის ქუჩაზე 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

2812

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან და პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად გახსნა. სკოლის სტუმრებმა ახალი შენობა დაათვალიერეს, მოსწავლეებს გაესაუბრნენ და გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესს დაესწრნენ.

N61 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები წელიწადი და ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი დამკვეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იყო.

თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობის მოწყობა 2016-2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 6 961 370 ლარი დაჯდა. სკოლა დაახლოებით 1200 მოსწავლეზეა გათვლილი, მისი ტერიტორიის საერთო ფართი 3 817 მ2– ია, შენობის საერთო ფართობი კი – 7 361,5მ2.

როგორც მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, სკოლა საბურთალოს რაიონის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ უბანს მოემსახურება და შესაბამისად, მშენებლობაც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია სულ რაღაც ხუთი წლის წინ შემოვიდა ქართულ სამშენებლო ბაზარზე, ამ ხნის განმავლობაში, სხვა დიდ პროექტებთან ერთად უკვე მოვასწარით რამდენიმე საჯარო სკოლის აშენება. თუმცა, სხვა სკოლების პროექტებისაგან განსხვავებით 61-ე საჯარო სკოლა მაინც გამორჩეულია. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა, აღჭურვილი გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით“, – განაცხადა შპს „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ.
პროექტის მიხედვით, მიწისქვედა სართულზე სკოლის სამზარეულო, პერსონალის გარდერობი, საკვანძეები, ასევე ტექნიკური სათავსოები და სასაწყობე ფართი განლაგდა. პირველ სართულზე კი, I-დან IV კლასების კლას-კაბინეტები, ასევე ადმინისტრაცია, ექიმის კაბინეტი და 193-ადგილიანი სასადილო. მეორე სართულზე განთავსდა V-VI კლასების კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და სააქტო დარბაზი. მესამე სართულზე განთავსებულია VII-XII კლასების კაბინეტები და ასევე სპორტული დარბაზი გასახდელებით და საშხაპეებით.

„მართკუთხედის ფორმის შენობას აქვს შიდა ეზო, ხოლო გარედან აღჭურვილია ლითონის საევაკუაციო კიბეებით. მიწისქვედა სართულის ფასადი ბუნებრივი ტრავერტინით, ხოლო იატაკი – კერამიკული ფილით მოპირკეთდა. პირველი და მეორე სართულების დონეზე ფასადი ვენტილირებადი პანელებით დაიფარა. სასწავლო სივრცის იატაკები ვინილითაა მოპირკეთებული, ხოლო სპორტულ დარბაზში დიდ დატვირთვაზე გათვლილი ვინილია გათვალისწინებული. სკოლა რბილი სახურავით გადაიხურა. ცენტრალური კარები, ფანჯრები და ვიტრაჟები ალუმინის ჩარჩოთი დამზადდა, ჩაისვა ნაწრთობი მინა“, – აცხადებს ლევან თარგამაძე.

სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.

„მოეწყო პანდუსები და ლიფტი მთავარ და ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე სასწავლო ტექნიკით. შენობის არქიტექტურაც იმდენად გამორჩეულია, ერთი შეხედვით იმის წარმოდგენაც ძნელია, რომ ეს საჯარო სკოლის შენობაა და ის თბილისის ცენტრში დგას. თუმცა, ეს რეალობაა და ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ თავისი მოკრძალებული წვლილი ამ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში ჩვენს კომპანიასაც მიუძღვის“, – აღნიშნავს თარგამაძე.

აღსანიშნავია, რომ 61–ე საჯარო სკოლის სამშენებლო და შიდა მოპირკეთების სამუშაოები „საბა კონსტრაქშენმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე რამდენიმე კვირით ადრე დაასრულა.

წყარო: ინტერპრესნიუსი