აჭარაში 10 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის 4 ბათუმში შენდება

289

ბათუმში ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაიწყო 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ამასთან დასრულდა 3 თანამედროვე სტანდარტის სკოლის მშენებლობა.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად სკოლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

“ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს 4 ახალი სკოლის მშენებლობა. ახალი სკოლების მშენებლობა ხორციელდება აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. აჭარაში დავიწყეთ ჯამში 10 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო 40 სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია.

მიუხედავად პანდემიისა, ძალიან მალე უნდა შევძლოთ აღვადგინოთ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. დარწმუნებული ვარ, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების ენთუზიაზმითა და მონდომებით ეს დაკარგული დრო იქნება სრულად ანაზღაურებული და ჩვენ გვეყოლება განათლებული მომავალი თაობა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, დაწყებულია ბათუმის N15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი სამ სართულიანი სასწავლო შენობის მშენებლობა. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტის ღირებულება 2 784 107 ლარია.

„ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის ქ. №61) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. პროექტის მიხედვით აშენდება 700 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. ასევე N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდება. 3 სართულიანი შენობა, 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად იქნება ადაპტირებული.

ბათუმში უკვე დასრულდა №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის, განათლების ქალაქში სკოლის მშენებლობა საცხოვრებელ კამპუსთან ერთად და ასევე №23 საჯარო სკოლის მშენებლობა.

აჭარაში მიმდინარეობს 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 40 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.