კალაძე: გვიწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და კორპუსების აშენების ნაცვლად, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება

308

რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

კახა კალაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

„რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებთ. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რადგან კერძო საკუთრებაშია. ჩვენ გვიწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და კორპუსების აშენების ნაცვლად, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება-აღდგენა. ეს მიმართულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესში და რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე, დიღმის მასივში გაკეთდება თუ არა საცურაო აუზი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მსგავსი პროექტი უახლოეს მომავალში დაგეგმილია.

„გვაქვს კარგი ამბავი – დიღმის მასივის მესამე კვარტალში იყო საცურაო აუზი და საფეხბურთო სკოლა „ავაზა“, რომლებიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნული ტერიტორიები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში თბილისის მერია გეგმავს, რომ არსებულ ინფრასტრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, მათ შორის საცურაო აუზს. რაც მთავარია, ეს იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.