პარტიამ „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ აქცია – „გადავარჩინოთ ლისის ტბა“ გამართა

338

პარტიამ „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლისის ტბასთან აქცია „გადავარჩინოთ ლისის ტბა“გამართა.

როგორც პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა, ის, რომ დღეს ლისის ტბა შრება და მისი დონე კატასტროფულად არის დაწეული, პასუხისმგებლობა თბილისის მერიას და მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

„რამდენიმე წელია ლისის ტბა შრება და დღეს მისი დონე კატასტროფულად დაწეულია. თუ დროულად არ მოხდება რეაგირება, ცოტა ხანში ამ ადგილზე საერთოდ აღარ გვექნება წყალსაცავი. პირველად ლისის ტბის დაშრობის პრობლემა 90-იანი დაფიქსირდა, თუმცა მაშინ, როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს ჩართულობით მოხდა არხების გაყვანა და ტბის გადარჩენა. დღევანდელი მდგომარეობით წყალსაცავის მართვის ლიცენზია წართმეული აქვს კერძო სექტორს, ხოლო ხელისუფლება და მერია, ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა ტბების მოვლა, არაფერს აკეთებს. ეს არის ძალიან დიდი კატასტროფა. ფაქტია, ტბაში თავისი ბუნებრივი კვებით სიტუაცია ვერ გამოსწორდება, საჭიროა არხების გაწმენდა და დამატებითი წყლების მოძიება. კატეგორიულად მოვითხოვთ, სასწრაფოდ დადგინდეს მიზეზები, რატომ ხდება ტბის დაშრობა და ვინ არის პასუხისმგებელი ამ გამოუსწორებელ შეცდომაზე.

მოვითხოვთ, ყველა დამსვენებლის სახელით, ლისის ტბის გადარჩენის პროცესში დაუყოვნებლივ მოხდეს კვალიფიციური ექსპერტების ჩართვა, ყველა საჭირო სახელმწიფო სტრუქტურამ, მერიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა კი ყველაფერი გააკეთონ მის გადასარჩენად, რომ ტბას დაუბრუნდეს პირვანდელი მდგომარეობა“,- განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სიის მეორე ნომრის, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის ნინო წულაძის თქმით, ლისის ტბის დაშრობის მიზეზი შესაძლოა, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან იყოს დაკავშირებული.

„ლისის ტბის ხელოვნური წყალმომარაგების სისტემა, რითა წყალსაცავი წლების განმავლობაში იკვებებოდა, ფაქტობრივად, სრულად განადგურებულია. ამის შედეგია, ის, რომ ტბა შრება. ვრცელდება ინფორმაციები, რომ ამ წყლით მარაგდება მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და, სავარაუდოდ, ადგილი აქვს შესაძლო კორუფციულ გარიგებებს. თბილისის მერიის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დედაქალაქს შეუნარჩუნოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე. ამ ადგილის მოვლა-პატრონობა არის პრიორიტეტული, ნომერ პირველი საქმე, რომლითაც უნდა დაკავდეს ქალაქის მერი. ლისის ტბის გადასარჩენად არ უნდა სჭირდებოდეს მოსახლეობას აქციების გამართვა და პეტიციების შედგენა,“ – აღნიშნა ნინო წულაძემ.