ფოთი – ღარიბი მდიდარი ქალაქი საქართველოში

1491

jam-news.net

ავტორი: ნინო ნარიმანიშვილი

ფოტო/ვიდეო: დავით ფიფია

საქართველოს ყველაზე დიდი საპორტო ქალაქის მცხოვრებლები, სიღარიბესა და უმუშევრობას უჩივიან.

ფოთი ყველაზე დიდი სანავსადგურო ქალაქია საქართველოში. საკუთარი შემოსავლებით მას შეუძლია  ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიც შეავსოს და თავადაც კარგად იცხოვროს.

თუმცა, საქართველოში თვითმმართველობა ისეა მოწყობილი, რომ დღეს ფოთის შემოსავლების უმეტესი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის.

თავად ქალაქი კი სრულ სიღატაკესა და უმუშევრობაშია ჩაფლული. ქვეყნის მთავარ საპორტო ქალაქს არ აქვს გამართული საკანალიზაციო ქსელი, მოუწესრიგებელია გზები, არ არის სანიაღვრე არხები და სატუმბი სადგურები, რის გამოც ქალაქი იტბორება ყველა წვიმის შემდეგ. ფოთს ახრჩობს თევზის სუნი, ჭამს კოღო და წამლავს ჰაერში გაფრქვეული მძიმე მეტალები.

ფოთელები დღეს საკუთარი ისტორიით და იმ აუთვისებელი პოტენციალით ამაყობენ, რომელიც ამ ქალაქს აქვს.

ქალაქი ჭაობზე

ფოთი უნიკალური სიმეტრიის ქალაქია, იშვიათი, გამორჩეული, ჭადრაკული ტიპის დაგეგმარებით.

ეს ჰარმონიულობა საჰაერო გადაღების, ე.წ. დრონის კადრებში განსაკუთრებულად  კარგად ჩანს –  ერთი სიმაღლის სახლები, სიმეტრიული, მწვანე ეზოები, ჩუქურთმები.

ფოთი ალბათ ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც ურბანული ქაოსი არ იგრძნობა.

„პარიზული დაგეგმარებაა“, – სიამაყით ამბობს ყველა ფოთელი, როდესაც ქალაქის ამ სიმეტრიაზე ეკითხები.

ფოთის ხედი. ფოტო: საბა ჯანჯღავა. JAMnews

ფოთის ცენტრში, ნავსადგურთან, პატარა მწვანე სკვერია, თაღოვანი საცალფეხო ხიდებით.

ჩრდილში, ხის სკამზე, ორი მოხუცი ზის – კაცი კუბოკრული შარვლით, სულ მთლად თეთრია, ქალს შავი კლასიკური შარვალი აცვია, სპორტულ ფეხსაცმელზე, რუსულ-ქართულად საუბრობენ.

კაცი იურა შელოვიცკად მეცნობა. ამბობს, რომ მთელი მისი ცხოვრება, ბავშვობიდან დაწყებული, ფოთის ნავსადგურს უკავშირდება.

„ფოთის ისტორია ნავსადგურიდან იწყება. აქ რასაც ხედავ, ამ შენობებს, სულ ნავსადგურის ბინებია. ნავსადგურით შენდებოდა ეს ქალაქი… ფოთის საფეხბურთო გუნდი, „კოლხეთიც“ ნავსადგურის იყო“, – მიყვება მასპინძელი.

შავიზღვისპირა ქალაქი ფოთი დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს.

ზღვის გარდა ფოთში მდინარე რიონიც ჩამოედინება და ორი დიდი ტბაცაა – პალიასტომი და ოქროს ტბა.

ფოთის კვალს ჯერ კიდევ, ძვ. წ.აღ-ის VII-VI საუკუნეებში, მითიურ ქალაქ „ფაზისამდე“ მივყავართ. „ფაზისი“ ბერძენ კოლონიზატორებს დაუარსებიათ, როგორც ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი წერს, მაშინ აქ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე 60 ტომი ცხოვრობდა.

თავისი თანამედროვე მნიშვნელობა ფოთმა 1858 წლიდან შეიძინა – სწორედ ამ წელს ცხადდება ფოთი სანავსადგურე ქალაქად.

ამ ცერემონიას ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ესწრებოდა და ეს ამბები შემდეგ თავის წიგნში „კავკასია“ აღწერა.

დიუმას ფოთი ხის ხიმინჯებზე შემდგარი რამდენიმე სახლი, ჭაობი, ტალახი და კოღო იყო. აქ გავრცელებული იყო მალარია და როგორც დიუმა წერდა,  ეს იყო „ღორებისთვის სამოთხე“.

“ქალაქის თავის” ნიკო ნიკოლაძის ძეგლი და პორტი ფოთში. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ოთხი ათეული წლის შემდეგ, 1894 წელს, ფოთის თავად ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, ნიკო ნიკოლაძეს დანიშნავენ. ფოთის ქალაქად ქცევა სწორედ ნიკოლაძის სახელს უკავშირდება –  სიმეტრიული დაგეგმარებით, მოკირწყლული ქუჩებით, ხიდებით, კოპწია სახლებით.

ნიკოლაძემ ფოთში გერმანელი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკი ჩამოიყვანა და ქალაქის დაპროექტება სწორედ მას მიანდო.  ფოთში დღესაც დგას ფრიკის შენობები, დაახლოებით 70 ნაგებობა, რომელთაც ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ასევე ფოთის ნავსადგურის მნიშვნელოვნად გაფართოება და 1867-1874 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის აგებაც,  რომელიც პირველი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში.

დღეს ფოთის საზღვაო ნავსადგური ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში – 15 ნავმისადგომით, რომელთა სიგრძე 29 კილომეტრია. ამ ტერიტორიაზე 20-ზე მეტი საპორტო ამწე მუშაობს და17 კმ-იანი სარკინიგზო ხაზი გადის.

ფოთი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

21-ე საუკუნის ფოთი და დაკარგული შემოსავლები

ფოთელები ამბობენ, რომ უკვე წლებია ქალაქმა განვითარება შეწყვიტა და ამის მიზეზია  საქართველოში რეალური თვითმმართველობის არარსებობა – ცენტრი ქალაქს განვითარებისთვის შემოსავალს არ უტოვებს.

აქ ისევ ძველ დროს იხსენებენ: თავის დროზე ფოთის აღორძინება ე.წ. „საფუთე გადასახადმა“ უზრუნველყო,  რომელიც ასევე ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით დაწესდა. „საფუთე გადასახადი“ ნიშნავდა იმას, რომ ფოთის ნავსადგურიდან გატანილი ყოველი ერთი ფუთიდან ნახევარი კაპიკი ადგილობრივ ბიუჯეტში შედიოდა. ამ კონცეფციის წყალობით, ნიკო ნიკოლაძეს, 1894 წელს, ფოთის ბიუჯეტი 75 ათასი მანეთიდან 723 ათასამდე გაუზრდია. დაჭაობებული ქალაქი კი 10 წელიწადში ევროპული ტიპის ქალაქად უქცევია.

დღეს ქვეყანაში მოქმედი ფისკალური პოლიტიკის მიხედვით, 2007 წლიდან, მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ მიწისა და ქონების გადასახადი, ასევე, ადგილობრივი მოსაკრებელი და სხვადასხვა ჯარიმებიდან ამოღებული თანხა რჩება. მოგების და საშემოსავლო გადასახადი კი ცენტრალურ ბიუჯეტს მიაქვს და რეგიონებს უკან, ტრანსფერის სახით, მიზერულ თანხებს უბრუნებს.

ვახტანგ ალანია. ფოთის ყოფილი მერი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

 „ფაქტობრივად, ფოთის შემოსავლების 90 პროცენტი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის“, – ამბობს ფოთის ყოფილი მერი, ვახტანგ ალანია.

ფოთის 2021 წლის  ბიუჯეტი 20 მილიონ 792 ათასი ლარით დამტკიცდა [6 მლნ, 590 ათას დოლარამდე].  აქედან გადასახადებიდან შესული თანხა 14 532 მლნ. ლარია.  მიზნობრივი ტრანსფერის სახით კი ფოთმა წელს 5 მილიონ 893 000 ლარი მიიღო.

ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ თანხებს გასული წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთიც დაემატა და დღეის მდგომარეობით, ფოთის ბიუჯეტი 32 მლნ ლარამდეა.

„შემოსავლების სამსახურიდან გამოვითხოვე  ინფორმაცია, რა თანხა შეჰქონდა ფოთს ცენტრალურ ბიუჯეტში და აღმოჩნდა, რომ გასულ, 2020 წელს 48 მილიონი ლარი გადაუხდია“, – გვეუბნება ელისო ჯანაშია.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის ევროპული სტანდარტის მიხედვით, ამ 48 მილიონიდან მინიმუმ 15% მაინც ადგილზე უნდა რჩებოდეს:

„ამას უნდა ემატებოდეს ქონების გადასახადიც, რაც საქართველოში ასევე პრობლემურია, ვინაიდან, ქონება ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად არის შეფასებული, ან, ამ დრომდე არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“.

ვახტანგ ალანია იხსენებს, რომ 2001 წელს, ფოთის იმჟამინდელმა საკრებულომ ქალაქის ბალანსზე არსებული 380 ჰა მიწა ფოთის პორტს უსასყიდლოდ უზურფრუქტის წესით გადასცა, რითაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა ასეულობით მილიონი ლარით იზარალა:

იმ მიწაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა დააარსესმაგრამ ჯერ ერთი, რომ ეს ზონა სათანადოდ ვერ განვითარდა და მეორეც, ისევე როგორც ნავსადგურიდან, ამ ტერიტორიაზე გაჩაღებული მრეწველობიდანაც, შემოსავლები, იგივე პრინციპით ნაწილდება, უმეტესი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის“.  

მელაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ამ 380 ჰა-ს მაგალითზეც, რომელიც შემდეგ 155 მლნ დოლარად გაიყიდა, ფოთს ამ თანხის მესამედი დააკლდა (როდესაც მთავრობა ყიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქონებას, ადგ. თვითმმართველობას აქვს უფლება, ამ თანხის 30% მოითხოვოს), ეს კი ფოთის თითქმის 8 წლის ბიუჯეტს უდრის.

 „ახლა გადაიანგარიშეთ –   სადღაც რვა წლის ბიუჯეტი ერთი ოპერაციიდან დააკლეს, საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ უტოვებენ, ქონების გადასახადს მცირეს აძლევენ. ამას დაუმატეთ ის შემოსავლები, რაც ყოველწლიურად აკლდება გადაუცემელი ქონების ხარჯზე.  ეს არის უმარტივესი მაგალითები იმისა, როგორ კარგავს ქალაქი ყოველწლიურად ათობით მილიონს.

ფოთი არის რეგიონის კარიბჭე, ფოთის პორტი აწარმოებს სომხეთისა და  აზერბაიჯანის ვაჭრობას და ხომ უნდა მოიფიქრო, რომ ეს ქალაქი იყოს დოტაციური და ამ ქალაქის ბიუჯეტი მტკიცდებოდეს 6,5 მლნ დოლარით“, – ამბობს მელაშვილი.

ფოთის ხედი. ფოტო: საბა ჯანჯღავა. JAMnews

თვითმმართველობის კიდევ ერთი ექსპერტი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, კოტე კანდელაკი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში საპორტო ქალაქები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია ეკონომიკურად, მაგალითად, ჰამბურგი, ან ამსტერდამი. ფოთი კი, მსოფლიოს საპორტო ქალაქებს შორის, გამორჩეულია თავისი სიღარიბით:

„ეს ქალაქი თავის დროზე განვითარდა როგორც საპორტო და ერთ-ერთი მდიდარი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ  საბჭოთა პერიოდიდან დგას უკვე ეს პრობლემა, ცენტრზე დამოკიდებულება და მიზერული ტრანსფერი, რაც  ქალაქს არაფერში ჰყოფნის. ამ დროს, ვიცით, რომ ფოთში უამრავი პრობლემაა, ეკოლოგიიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურული პრობლემებით დამთავრებული“.

„ეს ძალიან უსამართლო პოლიტიკაა, – ამბობს ელისო ჯანაშია, –   ფოთელი ქმნის დოვლათს საკუთარ ქალაქში, უნდა რომ უკეთ იყოს და ეს მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში. ახლა ნავსადგური ცალკეა და ქალაქი ცალკე, თანხვედრა არ არის.  ეკონომიკური აქტივობა კვდება“.

ბიუჯეტის ასე გადანაწილება უსამართლოდ მიაჩნია კოტე კანდელაკსაც და ამბობს, რომ  ასეთი პოლიტიკა შემდეგ პრობლემების მთელ ჯაჭვს და მუნიციპალიტეტების დაცლას იწვევს:

„ეს დამოკიდებულება ქალაქს უკლავს მოტივაციას, რომ ეკონომიკურ განვითარებაში ჩადოს თანხა.  ჯერ ერთი, რომ რესურსები (ქონება) არ გააჩნია, და მეორე, სტიმულიც არ აქვს. ამიტომაა, ახლა ნებისმიერ, რიგით ფოთელს, რომელიც დასაქმებული არაა, რომ ჰკითხო რა ურჩევნია, გეტყვის, რომ მას ურჩევნია ეს საწარმოები გაჩერდეს და სუფთა ქალაქში იცხოვროს“.

რიგითი ფოთელები ამას ამბობენ კიდეც:

„30 წელია ფოთში ვცხოვრობ და ვერასდროს დავიწყე პორტში მუშაობა, ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი უნდა გყავდეს ზევით, რომ მუშად მაინც აგიყვანონ, „ლაფათკა“ დაიკავო“, – გვეუბნება გოჩა ცაცუა, რომელიც ახლა ფოთის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობს და თვეში 400 ლარი აქვს ხელფასი.

რატომ ვერ ცხოვრობს ფოთი ტურიზმით

ფოთში ივნისის მეორე ნახევარში ვართ, მაგრამ აქაურობას არაფერი ეტყობა, რომ ტურისტული სეზონისთვის ემზადებოდეს. ტურისტული ინფრასტრუქტურა თითქმის არ არის – არც ღია კაფე-ბარები და სასტუმროებია, არც ფერადი საცურაო კამერების და რეზინის გასაბერი ლეიბებს გრძელი რიგები, როგორც სხვა ზღვისპირა ქალაქებში.

არ არიან არც დამსვენებლები.

არადა, როგორც ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ,  სანავსადგურე ქალაქს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს – ზღვის ნოტიო და თბილი ჰავა, მაგნიტური ქვიშა, ტბები, მდინარეები, კოლხეთის დაბლობის უნიკალური ბუნება, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა.

ფოთი, საქართველო. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ფოთელები ამბობენ, რომ ქალაქის რეკრეაციული ზონა სრულიად აუთვისებელია. მაგალითად, მალთაყვა – ფოთის გარეუბანი მაგნიტური ქვიშით და წიწვოვანი ტყით.

„ფოთის მდებარეობა, ზღვა, ტბები, მდინარეები, კოლხეთის ეროვნული პარკი, ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ფოთს აქვს პოტენციალი აქ წყლის, საფეხმავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო ტურიზმი განვითარდეს, – გვეუბნება ისტორიკოსი, მკვლევარი სილოვან გვასალია.

თუმცა, მხოლოდ ბუნებრივი პირობები თანამედროვე ტურიზმის გასავითარებლად არ კმარა.

ქალაქს სჭირდება თავისი ინფრასტრუქტურაბარებირესტორნებიგასართობიტურისტი რომ ჩამოვაიმას მარტო ზღვა და მდინარე არ აინტერესებსსამწუხაროდმე ვერ ვხედავრომ ამ მიმართულებით რამე კეთდებოდეს“, ამბობს ქალაქის ყოფილი მერი.

როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ფოთში დღეს ერთი ნორმალური სასტუმროც არ არის, სადაც ტურისტი ღამის გათევას შეძლებდა. მალთაყვის რეკრეაციულ ზონაში კი, წლებია მოუწესრიგებელი, მოუწყობელი და დანაგვიანებული სანაპიროს პრობლემაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას იკვლევს, მოიკვლია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 18.5 მლნ ლარი გამოყო. აქედან ნახევარზე მეტი – 10 მლნ უკვე დახარჯულია, თუმცა სანაპირო ზოლი დღემდე გამოუყენებელია.

როგორც „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციიდან ირკვევა, ტენდერი ოთხჯერ გამოცხადდა. პირველ ორ ჯერზე ტენდერში გამარჯვებულმა ორმა სხვადასხვა კომპანიამ უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულებულ ჯამში 6 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს.

ამის შემდეგ ფოთმა კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადასაიდანაც ერთი ოცნების შემწირველის კომპანია New Road-მა მოიგომეორე კი შპს ზმ ჯგუფმარომელსაც სამუშაო ოთხი თვით ადრე უნდა დაესრულებინა“, – წერს „ფლანგვის დეტექტორი“.

ფოთის მერიაში JAMnews-ს უთხრეს, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ტურისტულ პროექტებზე.

მერიიდან მოგვწერეს,  რომ ფოთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურისა და დასვენების პარკს. გარდა ამისა, მარტოწყალას ტბაზე მოეწყო სათევზაო ინფრასტრუქტურა – პირსი, ასევე საჩრდილობლების, ვიზიტორების და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები.

ფოთის ცენტრში, ქალაქის მთავარ მოედანზე, აია – სოფიას ტიპის, მაცხოვრის აღდგომის სახელობის გიგანტური ტაძარი დგას. ფოთში ყველა გზა ამ მედიდურ ტაძართან მიდის, – ეს ხუმრობით, უფრო ზუსტად კი ამ ტაძარს ფოთის 12 ქუჩის მოკირწყლული, ქვაფენილიანი გზა უერთდება. ტაძრის საძირკველი 1906 წლის სექტემბერში ჩაუყრიათ, ზუსტად რვა თვეში კი მის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. ფოთში სიამაყით ყვებიან, რომ მთელი რვა თვის განმავლობაში, ნიკო ნიკოლაძე მთელ დღეებს თავადაც მუშებთან ატარებდა.

მერიის ამ შემართებას ადგილობრივები არ იზიარებენ. სილოვან გვასალია ამბობს, რომ ფოთი, როგორც ტურისტული ზონა, მხოლოდ დეკლარირებულად არსებობს, რეალურად, კი ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინვესტორი შემოვიდეს.

„მალთაყვა, მაგნიტურ ქვიშიანი სანაპირო ზოლით, უდიდესია, მაგრამ რად გინდათ, მოუწესრიგებელი. არც საკანონმდებლო სივრცე შეიქმნა, რომ მაგალითად, ფოთში დიდი სასტუმროები აშენებულიყო, როგორც ანაკლიაში. ეს სასტუმროები შემდეგ თავად განავითარებდნენ სექტორს, მცირე და წვრილი ბიზნესი განვითარდებოდა, მომსახურების სფერო ამუშავდებოდა.მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს ხედვა არ აქვს“, – გვეუბნება სილოვან გვასალია.

კანალიზაცია, თევზის სუნი, მტვერი, ხმაური და ფოთის სხვა მთავარი პრობლემები

მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რა პროექტებს დაგეგმავს ცენტრი.

პრობლემა კი უამრავია და თითქმის ყველა მოუგვარებელი.

ჰკითხეთ ნებისმიერ ფოთელს, რა არის ქალაქის პრობლემა,  პირველ რიგში გიპასუხებენ – თევზის სუნი.

წლებია წელიწადის რამდენიმე თვეს, განსაკუთრებით ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, ქაფშიას რეწვის სეზონზე, ფოთში თევზის სუნით იტანჯებიან.

სუნი იმდენად მძაფრია, რომ ხალხს თვალების წვავს, თავს ატკივებს, ინტოქსიკაციას და სასუნთქი გზების პრობლემებს იწვევს.

„ფაქტობრივად, ფანჯრებს ვერ ვაღებთზამთარში თევზის სუნიაზაფხულში მტვერი“, – გვეუბნება ლუბა ჩალაია, ადგილობრივი მაცხოვრებელი.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ გაუსაძლის სუნს თევზის საწარმოებში სანიტარული რეგულაციების არარსებობა იწვევს – ჰაერის გამწმენდი სპეციალური ფილტრების არქონა, ნარჩენების ზღვაში ჩაყრა, თევზის ლპობა და გაუმართავი სატვირთოებით ტრანსპორტირება იწვევს.

ფოთელები წლებია იბრძვიან – მართავენ აქციებს, ესაუბრებიან ჟურნალისტებს.  ჯგუფიც არის ფეისბუკზე, სადაც ამ პრობლემით შეწუხებული ადამიანები საკუთარ აზრს გამოხატავენ.

ჯერჯერობით, ამაოდ.

საცხოვრებელი კვარტალი პორტთან. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ფოთის თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობა, 2018 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა.

ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ოთხი საწარმოდან სამის მეწილეები მოქმედ და ყოფილ მმართველ პარტიებთან დაკავშირებული პირები და შემწირველები არიან. ეს საწარმოები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, არაერთხელ არის დაჯარიმებული გარემოს დაბინძურებისთვის.

მხოლოდ თევზის სუნი არ არის ის, რაც ფოთში მცხოვრებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ბოლო რამდენიმე წელია ფოთის დევნილთა დასახლებაში ადამიანები სატვირთო ავტომობილების ხმაურით,  გამონაბოლქვითა და მძიმე მეტალების გადამუშავებით გამოწვეული მტვრით წუხდებიან.

დასახლების ორი ქუჩა, ჯავახიშვილი და ჭავჭავაძე, ფოთის სამეწარმეო ზონას ესაზღვრება. მაღალსართულიანი კორპუსების ზედა სართულებიდან ტერმინალის ტერიტორიაზე გროვებად დახვავებული გადამუშავებული ტვირთები მოჩანს.

აივნებსა და ფანჯრებზე ტერმინალიდან გამოფრქვეული ყვითელი მტვერია.

აქ, ჩვენთან, ისეთი ტვირთები იცლება და ისეთი მდგომარეობაა, გაუსაძლისია ცხოვრება. დილა – საღამოს თუ არ გამოიწმინდა იატაკი, ტილოს რომ ვრეცხავ, შავი წყალი გასდის. დილით რომ გადავუსვამ ტილოს, ყველგან საშინელი მტვერია და საღამოს იგივე მდგომარეობაა. ყველაფერს ხელებით ეხებიან ბავშვები, პატარა ყველაფერს პირში იდებს, არ არიან შემოწმებული ჩვენი ბავშვები, ალბათ მათაც ტყვია ექნებათ“, – გვეუბნება ანა შუკვანი.

ხედი პორტზე, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ამ დასახლებაში 70-მდე ბავშვია და მათ უმეტესობას, სისხლში, ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა.

დევნილები მერიისგან სხვა ტერიტორიაზე გადასახლებას ითხოვენ. ფოთის მერიაში განგვიმარტეს, რომ შექმნილია კომისია, რომელიც დევნილთა საკითხებზე მუშაობს.

 მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება, ტერიტორიით დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობის სხვა უბნებში ფართით დაკმაყოფილების მიზნით“, – გვიპასუხეს მერიიდან.

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ამბობს, რომ ქალაქის მთავარ პრობლემებს შორის არის კანალიზაციის, სანიაღვრე არხების და სატუმბი არხების მოუწესრიგებლობა:

 „ქალაქში სატუმბი სადგურების დამატებას და  მოწესრიგებას მინიმუმ 13-14 მლნ ლარი სჭირდებაეს კი ქალაქის ერთი წლის ბიუჯეტიაამიტომ არისრომ ვერცერთმა ხელისუფლებამრომელსაც ფისკალური დამოუკიდებლობა არ აქვსფოთის პრობლემები ვერ გადაჭრა“, – გვეუბნება ელისო ჯანაშია.

ფოთში კოღოების არსებობაც ამის შედეგია, აღნიშნავენ ფოთელები – ქალაქი ხშირად იტბორებაარხებში წყალი დგას და ამიტომაც არის კოღო.

„ფოთთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის პირდაპირი ძარცვა ქალაქის“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი. მისი თქმით, ცენტრს აწყობს, რომ მუნიციპალიტეტს არ ჰქონდეს შემოსავალი და მან გაიღოს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, ოღონდ, თვითმმართველობა მთავრობის ხელისშემყურე იყოს, -„ასე მუშაობს სისტემა“.

ცენტრის პრიორიტეტები კი, როგორც ელისო ჯანაშია ამბობს,  ხშირად არ ემთხვევა ადგილობრივების საჭიროებებს:

„ყოველი წვიმის დროს ფოთი იტბორება, პარალიზდება, მანქანები დაცურავენ, ქალაქი კვდება, ვერ გადაადგილდები. ხოლო, მაგალითად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 16 მილიონ ლარად ფოთში აუზი გააკეთა. ჯერ არც არის ექსპლუატაციაში შესული ეს აუზი“, – გვეუბნება ელისო ჯანაშია.

„ჯემნიუსმა“ ფოთის მერიას წერილობით სთხოვა ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია. სია ნამდვილად ვრცელია.

მერიიდან მოგვწერეს, რომ 2020-2021 წლებში, ფოთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 135 ობიექტზე მიმდინარეობდა. ამ ობიექტებს შორისაა, ფოთში შიდა გზების შეკეთება, შენობების სახურავების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რემონტი, სპორტული მოედნებისა და დაწესებულებების რეაბილიტაცია.

„2023 წლის ფეხბურთში ევროპის  ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ვემზადებით და ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ ორი ახალი სტადიონითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ეს არის ფოთის ცენტრალური სტადიონი და  ფეხბურთის ფედერაციისა ფოთის საფეხბურთო სკოლის ტექნიკური ცენტრი. მალე ამოქმედდება სპორტული კომპლექსი საცურაო აუზით“, – გვწერს ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

რა გადაარჩენს ფოთს – გამოსავალი

„საზოგადოებრივი აქტიურობა“ , – დაუფიქრებლად მპასუხობს ელისო ჯანაშია, როდესაც ვეკითხები, რა გადაარჩენს მის ქალაქს.

ელისო ამბობს, რომ ფოთში სამოქალაქო საზოგადოება აქტიური არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში რაღაც ჩანასახები გაჩნდა, მაგალითად, საინიციატივო ჯგუფი .„ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“.

ეს ჯგუფი ჯერ არსებობის სულ რამდენიმე თვეს ითვლის, მაგრამ უკვე წარმატებული ადვოკატირების კამპანიები ჰქონდა.

მაგალითად, სწორედ ამ ჯგუფის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით პორტთან მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების სისხლი გამოიკვლიეს. 2021 წლის ბიუჯეტში ამისთვის 50 ათასი ლარი გამოიყო.

ამ თანხით, დაახლოებით 150 ბავშვს სისხლში სპილენძის, ტყვიის, კადმიუმის, ალუმინისა და ვერცხლისწყლის შემცველობის დასადგენად გამოკვლევა ჩაუტარდება.

შემდეგი ეტაპი კი ამ ბავშვებისთვის მკურნალობისთვის საჭირო თანხების გამოყოფაა.

„ფოთის მთავარი გასაჭირი არის არარეალური თვითმმართველობა. ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტს განკარგავენ, რეალურად, გადაწყვეტილების მიმღები არ არიან“, – გვეუბნება ელისო ჯანაშია.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ქალაქს მეურნე მერი სჭირდება, რომელსაც ცენტრთან მორჩილი კომუნიკაცია კი არ ექნება, არამედ თამამი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება,  ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით:

„იგივე სატუმბი სადგურები.  სპეციალისტებთან კონსულტაციით და მთელი რიგი მოკვლევებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქალაქს სჭირდება 20 სატუმბი სადგური. თითო დაახლოებით 1 მლნ ლარი ჯდება. იმ აუზის ფულით 16 სატუმბი სადგური შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ან ყველას ერთ წელს თუ არ გააკეთებდა, კარგი ხელისუფალი გაწერდა ოთხ წელიწადზე – წელიწადში  4-5-ს გააკეთებდა. ასეთი ხელისუფალი ჩვენ არ გვყავს“.

კოტე კანდელაკი ამბობს, რომ დეცენტრალიზაციის პოლიტიკური ნება არ არსებობს, რადგან, ცენტრზე დამოკიდებულება კონტროლის კარგი მექანიზმია:

„ახლა გვითხრეს, რომ რეგიონების განვითარებას 500 მლნ ლარი უნდა მოახმარონ. თუ ბიუჯეტში ეს თანხა იძებნება, მიეცათ თავიდანვე მუნიციპალიტეტებისთვის და ისინი გადაწყვეტდნენ, საკუთარ ქალაქში რა გაეკეთებინათ და როგორ. მაგრამ ამ (იგულისხმება ცენტრალიზებულ) მიდგომას ვერ თმობს ვერცერთი ხელისუფლება, ელიტებს არ უნდათ იმ ბერკეტების ხელიდან გაშვება, რომლითაც მთელ ქვეყანას აკონტროლებენ“

ირაკლი მელაშვილის თქმით კი, მორჩილი მერი და მუნიციპალიტეტების კონტროლი ცენტრს, პირველ რიგში არჩევნებისთვის სჭირდება:

„ქონების გადასახადის ამოღება რომ არ იყოს პრობლემური, სხვა გადასახადებიც რომ მუნიციპალიტეტს რჩებოდეს, მაშინ მას საკუთარი შემოსავლები გაუჩნდებოდა და ცენტრზე დამოკიდებული აღარ იქნებოდა. შესაბამისად, ცენტრს ვეღარ ეყოლებოდა ყველა მუნიციპალიტეტის მერი ყურებით დაჭერილი, რომ ისინი ლოიალურები ყოფილიყვნენ და მერე, როცა დაჭირდებოდათ გამოეყენებინათ მათი ადმინისტრაციული რესურსი, არჩევნები იქნება ეს თუ სხვა პოლიტიკური მიზნები“.

არადა, კოტე კანდელაკი ამბობს, რომ თუ იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მეტ რესურსს ხარჯავენ, მეტი შემოსავლები დარჩებოდათ, ეს კონკურენციასაც გაზრდიდა და სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც მოტივაცია იქნებოდა მეტად ეაქტიურათ ეკონომიკის განსავითარებლად.

ფოთის მერიიდან JAMnews-ს მისწერეს, რომ აქვთ გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგაც, „ფოთი დაიბრუნებს იმ თავის განსაკუთრებულ დატვირთვას, რაც გააჩნია გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე“.

მერიაში ამბობენ, რომ ფოთის მუნიციპალიტეტში მალთაყვის ტერიტორიის განვითარებისა და განაშენიანების, მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენების მიზნით დამტკიცებულია გეგმა, რაც გულისხმობს ფოთში მაღალსართულიანი (16მდე)  სასტუმროების, სპორტული კომპლექსების, ეკო კოტეჯების, საცხოვრებელი  და დასასვენებელი სახლების მშენებლობას.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ ფოთში  მიმდინარეობს ორი ახალი ნავსადგურის მშენებლობა. ინვესტიციების საერთო მოცულობა ნახ.მილიარდზე მეტია. აღნიშნულის შემდეგ გაჩნდება 1000 მდე სამუშაო ადგილი“, –  მოგვწერეს ფოთის მერიიდან.

ფოთელებს, რომლებიც წლებია თევზის სუნის მოსპობას და კანალიზაციის მოწესრიგებას ითხოვენ, ამ გრანდიოზული გეგმების არ სჯერათ.

„ამდენი წელია ერთი სასტუმროც არ აშენებულა ფოთში“, – ამბობს სილოვან გვასალია.

ფოთელებმა არ იციან, როგორი იქნება მათი ქალაქი ათი წლის შემდეგ. მათი აზრით, ეს ხელისუფლებამაც არ იცის.

ეს განცდა აქვს ელისო ჯანაშიასაც. „ფოთი არის გაჩერებული კადრივით, დინამიკა არ იგრძნობა. ფოთთან მიმართებით, ცენტრალურ ხელისუფლებას არ გააჩნია გამოკვეთილი ხედვა. არადა, რეალური თვითმმართველობა რომ იყოს ქვეყანაში, ამ ხედვაზე ადგილზე ვიმუშავებდით ფოთელები. ჩვენ ხომ უკეთ ვიცით, რა გვჭირდება“, – ამბობს ელისო ჯანაშია.