“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა

2275

ურბანული განვითარების პოლიტიკა

დამუშავდება და დამტკიცდება თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის ყოველდღიურ განვითარებას მისი განვი¬თარების საერთო, გრძელვადიანი ხედვიდან გადახვევის გარეშე.

მიიღება ზომები, რათა თბილისში, საბოლოოდ, სრულად აღმოიფხვრას ქაოტური და უსახური განაშენიანების პრობლემა: დადგინდება შენობის ფასადის იერსახის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, გამკაცრდება მშენებლობის კოეფიციენტის გაცემის წესი, უზრუნველყოფილი იქნება მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტების განუხრელი დაცვა, შეიზღუდება სასაფლაოების გაფართოება ქალაქის დასახლებული ტერიტორიების მიმდებარედ.

შეიქმნება ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების კონცეფცია, რომლის განხორციელებისას, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის, კერძო სექტორისა და ქალაქის განვითარების ინტერესების ჰარმონიული დაცვა.

უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარება. გენერალური გეგმის შესაბამისად, განვითარდება მულტიცენტრები ქალაქის სხვადასხვა უბანში.

გაგრძელდება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.

შემუშავდება თბილისის იერსახის ერთიანი სტილი, რაც მოიცავს წარწერების შრიფტის, აბრებისა და ვიტრინების დიზაინის და სხვა სტანდარტებს.

აქტიურად გაგრძელდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები, უზრუნველყოფილი იქნება გზების მოასფალტება და რეგულარული რეაბილიტაცია, წყალმომარაგებისთვის, გაზმომარაგებისა და ენერგომომარაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სრულყოფა.

ეკოლოგიური პოლიტიკა

მომზადდება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კომპლექსური სტრატეგია. დაინერგება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქმედითი სისტემა.

გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები. მშენებლობებისთვის დადგინდება გამწვანების მაღალი სტანდარტი, აგრეთვე მაღალი სტანდარტი მშენებლობის პროცესში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის.

მერია იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე.

შემუშავდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციის გეგმა. უზრუნველყოფილი იქნება თბილისის პარკებისა და სკვერების განახლება და ახალი გამწვანებული სივრცეების შექმნა. ახალი სივრცეების შექმნის პოტენციალი შეისწავლება თბილისის ზღვაზე და ვერეს ხეობაში. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება დენდროლოგიური პარკი. უზრუნველყოფილი იქნება თბილისის ტყეების აღდგენა და განახლება.

მუდმივად გაუმჯობესდება ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემა.

სატრანსპორტო პოლიტიკა

შეიქმნება სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც სავალდებულო იქნება გასათვალისწინებლად სატრანსპორტო მარშრუტების დადგენისას, ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, მშენებლობის ნებართვის გაცემისას და ა.შ.

შეიქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას.

ქუჩების განსატვირთად და საცობების შესამცირებლად, შეიქმნება ტრანსპორტის მართვის სისტემა, რომელიც მუდმივად დააკვირდება სატრანსპორტო მოძრაობას, დაადგენს მოძრაობის შეფერხების მიზეზებს და განსაზღვრავს მისი თავიდან აცილებს მექანიზმებს.

გაგრძელდება მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია. განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი. დაიწყება მეტროს ახალი ხაზების პროექტირება. უზრუნველყოფილი იქნება მეტროს ინტეგრირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან.

გაგრძელდება თბილისის ავტობუსის პარკის განახლება თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსებით. უზრუნველყოფილი იქნება ავტობუსის გაჩერებების სრული განახლება და დამონტაჟდება 500 ახალი გაჩერება.

ეტაპობრივად განახლდება მიკროავტობუსების პარკი და უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა გადაყვანის სტანდარტების დაცვა.

ეტაპობრივად მოწესრიგდება ტაქსების სექტორი იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეიქმნას ტაქსის მძღოლებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მომხარებელზე ორიენტირებული სტანდარტების დაცვა.

განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის მშენებლობა, დაპროექტდება და აშენდება სხვა ახალი საბაგირო ხაზები.

უზრუნველყოფილი იქნება მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარება ტურისტული მიზნებისთვის.

განვითარდება რამდენიმე ახალი სატრანსპორტო დერეფანი: დიდი დიღომი- წერეთლის გამზირი-მარჯანიშვილის მოედნის 14-კილომეტრიანი დერეფანი, დიდი დიღომი-მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ დერეფანი, საბურთალო-ვაკე- გულიას ხიდის დერეფანი და ა.შ.

განხორციელდება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტები: აშენდება მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას; მოეწყობა გელოვანის გამზირისა და მ. მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა; ჩატარდება საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე; აშენდება ესტაკადები უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე; აშენდება ნაფეტვრები- ახალდაბის გზა; ჩატარდება მეტეხის გვირაბის რეაბილიტაცია; ჩატარდება სარაჯიშვილის გამზირზე გლდანულას ხიდების რეაბილიტაცია და ა.შ.

შეიქმნება პარკირების მართვის ეფექტიანი სისტემა. განვითარდება ახალი საპარკინგე სივრცეები და მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების ინფრასტრუქტურა. მომზადდება პირობები, რათა სამომავლოდ პარკირების მართვა განხორციელდეს უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ.

შეიქმნება კომფორტული პირობები ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ტროტუარები მაქსიმალურად გათავისუფლდება მანქანებისგან და სხვადასხვა ნაგებობისგან, გაუმჯობესდება ტროტუარების გეომეტრია, შეიქმნება ახალი ველობილიკები და ველოსადგურები.

შემუშავდება საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია. შეიქმნება ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ მონაცემების შეგროვების სისტემა ე.წ. შავი ლაქების გამოსავლენად და გასანეიტრალებლად.

ეკონომიკური პოლიტიკა

შემუშავდება მუნიციპალური განვითარების გეგმა, რომელსაც დაეფუძნება ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკა.

განხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია და შემუშავდება ეკონომიკური მიზნებისთვის მისი ეფექტიანად გამოყენების დეტალური გეგმა.

ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად, უზრუნველყოფილი იქნება საჯარო და კერძო პარტნიორობის პროექტების დაგეგმვა და რეალიზება.

შემუშავდება და განხორციელდება თბილისის ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების სტრატეგია.

განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას, მიტოვებული სივრცეების ათვისებას, სტარტაპების წახალისებას და ინვესტორების მოზიდვას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნას. შეიქმნება ღამის ტურისტული მარშუტები, გამოცოცხლდება ღამის კულტურული ცხოვრება – გაიხსნება მუზეუმები, საგამოფენო სივრცეები და კინოთეატრები ღამის საათებში.

სოციალური პოლიტიკა

უზრუნველყოფილი იქნება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რესურსების მუდმივი გაუმჯობესება. განახლდება და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება ცენტრის ავტოპარკი.

გაგრძელდება და გაფართოვდება მერიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები:

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციური თერაპიის პროგრამა;

C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის პროგრამა;

18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე სოციალურად დაუცველი პირების დახმარების პროგრამა;

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველი უსინათლო პირების დახმარების პროგრამა;

ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსების პროგრამა;

სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების განსაკუთრებით ძვირადღირებული მედიკამენტით – ჰერცეპტინით უზრუნველყოფის პროგრამა;

ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციისა და აქტიური (ასერტული) მკურნალობისთვის;

პენსიონერების, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების წევრთა, ომის ვეტერანთა და სოციალურად დაუცველი პაციენტების საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების თანადაფინანსების პროგრამა.

გაგრძელდება თბილისის რაიონული გამგეობების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დახმარების გაწევა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში მოსახ¬¬ლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსებისათვის.

გაგრძელდება და გაფართოვდება მერიის მიერ დაფინანსებული სოციალური დაცვის პროგრამები:

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამა;

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარის დახმარების პროგრამა;

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ახალშობილებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა;

საკურორტო-გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკებში ბავშვების დასვენების პროგრამა;

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსება არაფორმალური განათლების ცენტრებში;

ვეტერანთა და მარჩენალდაკარგულთა ოჯახების დახმარების პროგრამა;

მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაფინანსება;

ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის დაფინანსება;

სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება;

შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა;

კომუნალური სუბსიდირების პროგრამა;

გაგრძელდება რაიონული გამგეობების დამატებითი მხარდაჭერა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად.

მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ადმინისტრირება გადავა სრულად ელექტრონულ მართვაზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი, გამარტივდეს და უფრო გამჭვირვალე გახდეს დაფინანსების მიღების პროცედურები.

მერია იზრუნებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკითხის მოწესრიგებაზე და ეტაპობრივად უზრუნველყოფს შესაბამისი ოჯახებისათვის, მართლზომიერების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების დაკანონების საკითხის გადაჭრას.

განხორციელდება ინიციატივები, რათა თბილისი გახდეს „ინკლუზიური ქალაქი“: გაგრძელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, კულტურული დაწესებულებების, პარკებისა და რეკრეაციული ობიექტების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება.

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკა

უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება. დადგინდება საბავშვო ბაღების ახალი, მაღალი მუნიციპალური სტანდარტი.

მერია ხელს შეუწყობს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დამატებით აშენდება 30-ზე მეტი და გარემონტდება 70-ზე მეტი სკოლა. თბილისში დაფუძნდება 5 ახალი მასშტაბური სპეციალიზებული სკოლა უფროსკლასელებისათვის: ევროპული სკოლა ევროკავშირის ჩართულობით, „HTH საქართველო“ ამერიკული High Tech High-ის ლიცენზიით, “სახელობო“ სკოლა ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელოვნებო სკოლა და STEM- სკოლა. ეტაპობრივად, ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვება თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიური ლაბორატორიებით.

გაგრძელდება და დაიხვეწება მერის სტიპენდიის პროგრამა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეების მხარდაჭერა და სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების თანადაფინანსება.

მერია ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას, რისთვისაც თბილისი უმასპინძლებს მუსიკალურ, თეატრალურ და კინოფესტივალებს.

განხორციელდება პროექტი – შემოქმედებითი თბილისი, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი საწარმოების შექმნასა და განვითარებას, თბილისის სუვენირების პაკეტის დახვეწას, ხელნაკეთი ნივთების წარმოებას და თბილისის ქუჩების მოდერნიზებაში ახალგაზრდების ჩართვას (street art).

შეიქმნება ახალგაზრდული ცენტრები თბილისის რაიონებში. გარდა მედიათეკებისა, ახალგაზრდულ ცენტრებში გაერთიანდება შემეცნების, გართობისა და მასობრივი სპორტის სივრცეები.

თბილისში შეიქმნება ღია სივრცეები ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვას, დასვენებასა და თვითრეალიზებას, მასობრივი კულტურულ-შემოქმედებითი საღამოების, ღია საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზებას, კომერციული ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას.

მასობრივი სპორტის განსავითარებლად, მერია ხელს შეუწყობს სპორტული კლუბების ჩამოყალიბებას და განვითარებას, სასკოლო, საუნივერსიტეტო და საქალაქო ტურნირების ორგანიზებას.

მერია მიიღებს ყველა ზომას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ჯანსაღი ქალაქების ქსელში თბილისის გასაწევრიანებლად.

მართვის პოლიტიკა

დაიგეგმება და განხორციელდება მერიის ინსტიტუციური რეფორმა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მერიის ახალი სტრუქტურა, ჩამოყალიბდება მართვის, კოორდინაციის, ანგარიშვალდებულებისა და კომუნიკაციის ქმედითი სისტემა.

დაინერგება ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა.

უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა როგორც საკუთარი შემოსავლების, ისე სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე.

გადაისინჯება ქალაქის საბიუჯეტო პრიორიტეტები და შემუშავდება მუნიციპალიტეტის ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგია.

შემუშავდება კორუფციის პრევენციის სტრატეგია და დაინერგება კონტროლისა და მონიტორინგის ქმედითი სისტემა.

უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა მომსახურების არსებული პრაქტიკის შესწავლა და პრობლემების იდენტიფიცირება, შემუშავდება ხარვეზების აღმოფხვრის სტრატეგია.

შეიქმნება თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მოდელი: მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის შესაბამისად, განისაზღვრება ხარჯთაღრიცხვა თითოეული უბნისთვის, რომლის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ უბნის მოსახლეობა მიიღებს.

შეიქმნება ინოვაციური ონლაინპლატფორმები მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის წასახალისებლად, მათ შორის საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო პეტიციების შესატანად და ა.შ.