ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანებით; გუნდი, რომელმაც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. წინ გველოდება აღმშენებლობის და განვითარების ოთხი წელი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კახა კალაძის ან ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება, ეს იქნება თბილისის გამარჯვება, რადგან დღეს, თბილისს ყველაზე მეტად სჭირდება საქმიანი ადამიანები, ყველაზე მეტად სჭირდება განვითარება და აღმშენებლობა. ამ ყველაფერს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ვინც წინ აღუდგება ამ ყველაფერს, ის ყოველთვის იქნება დამარცხებული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, გავაჩინოთ მეტი სკვერი, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ახალი საბავშვო ბაღები. ეს არის ჩვენი ხედვა, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და კომფორტული“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
გლდანის ამომრჩევლებს სიტყვით რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემაც მიმართა და კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს, რომ მომცა საშუალება, ამ რაიონზე გაათმაგებული ძალით ვიზრუნო. არ მიღირს არცერთი თანამდებობა იმად, რომ ხვალ და ზეგ, ვინმემ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს შვილს, ან დედაჩემსა და მამაჩემს უთხრას, რომ დანაპირები ვერ შევუსრულე და მოვატყუე. გუშინდელმა დებატებმაც აჩვენა, რომ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, ვისაც აქვს სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს გლდანის რაიონი და ქალაქი“, – აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ და გლდანის ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.