„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულ პირს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და თუ დადასტურდება, რომ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა დამძიმდება.
ამასთან, როგორც კობახიძემ დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, სამი თვის განმავლობაში მოხერხდა, რომ წინასაარჩევნო ვითარება უპრეცედენტოდ მშვიდობიანი იყო, თუმცა „მძიმე გამონაკლისი მივიღეთ“.
„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. სამი თვის გამავლობაში მოხერხდა ის, რომ წინასაარჩევნო ვითარება იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი, თუმცა ასეთი მძიმე გამონაკლისი, ინციდენტი მივიღეთ, რაც სამწუხაროა. აქ ერთი დამატებითი ფაქტი გამოიკვეთა – იმ ადამიანს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ კონკრეტულ ქმედებაში, აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ჩვენ ვიცით. თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისება იმ პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული – პირი არის დაკავებული. დანარჩენს დაადგენს გამოძიება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.