თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის მიერ დღეს წარდგენილი დედაქალაქის მართვის და ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციის თანახმად, კერძო ბიზნესი მუნიციპალიტეტის მერიისგან გარკვეულ შეღავათებს, რომელიც 2020 წელს პანდემიის პერიოდში შემუშავდა, შემდგომ პერიოდშიც მიიღებს.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა, პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჭირდა და მას მხარდაჭერა სჭირდება.
რაც შეეხება ხელშეწყობას, ეკონომიკური პროგრამის თანახმად, თბილისში მოქმედი ბიზნესი შემდეგი შეღავათებით ისარგებლებს:
– 700-მდე თბილისის მუნიციპალიტეტის მოიჯარე 2021-2022 წლებში გადასახდელი, 11 მლნ -მდე ლარის საიჯარო ქირისგან სრულად გათავისუფლდება;
– 160-მდე ღია კაფეს მფლობელი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება;
– პანდემიით დაზარალებული 1 000-მდე მუნიციპალიტეტის მოიჯარეს და ღია კაფის მფლობელს შეეძლება უძრავი ქონების ვადა დამატებით, 2 წლით გაიხანგრძლივოს;
– მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ 2020 წლის პირველი იანვრიდან – დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების ვადის აღდგენა – გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე სთავაზობს;
– პანდემიით დაზარალებულ, ათასობით მუნიციპალიტეტის მოიჯარეს ქირის გადაუხდელობის გამო მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერება;
ტურისტული ობიექტები ერთჯერადად დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.