თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მერობის კანდიტატების დებატებისას ყოფილ თანაგუნდელ გიორგი გახარიაზე თქვა, რომ მისთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია. მან, ასევე, გახარიას უთხრა, რომ მისი პრემირმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა არ მოეწონა.
“ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი, მე არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს ვანიჭებ. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტოს ყველაფერი”, — თქვა კალაძემ.
“ქართული ოცნების” ლიდერებმა ღიად დაიწყეს მინიშნება იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია ნარკოტიკებს მოიხმარს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახარიას ჯერ “კოკაინშიკი” უწოდა.
შემდეგ კი თქვა, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება გუნდის დატოვების შემდეგ დაიწყო.
ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად “სუფთაა” და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის.
ამის შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კლინიკა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი გაიკეთა, ევროპაში ერთადერთია, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება.