თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ მოსმენების სისტემის დასრულების მიზნით, ერთობლივად შექმნან „სიმართლის კომისია“ .
„ინფორმაცია, რომელმაც გამოჟონა მასობრივ და სისტემატურ მოსმენებთან დაკავშირებით, არის სრულიად გამაოგნებელი. ეს არის იმის ბრალი, რომ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოიბარა ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილმა არ განახორციელა მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური რეფორმა. მან უარი თქვა მსოფლიოში აღიარებულ „სიმართლის კომისიის“ შექმნაზე, როგორც საშუალებაზე გაუმკლავდეს მსგავსი ტიპის ფართომასშტაბიან დარღვევას. აღნიშნული კომისიის შექმნას, მე პირადად, ჯერ კიდევ 2013 წელს ვთავაზობდი იმჟამინდელ ხელისუფლებას. ახლა გასაგებია, რატომ თქვეს უარი, სწორედ იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა ამ სისტემის გადაფორმება და გაგრძელება. დღეს ჩვენი პარტია „ხალხისთვის“, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, დაადასტუროს მზაობა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთად შევქმნათ „სიმართლის კომისია“.
ეს არის მსოფლიოში გამოცდილი და აპრობირებული მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მსგავსი ტიპის დარღვევები გამოდის საჯაროდ და ხდება მთლიანად სისტემის გამოძიება, რათა აღარასოდეს განმეორდეს. მსოფლიოში მსგავსი კომისიის ათასგვარი მოდელი არსებობს – არგენტინული, ჩილეს, სამხრეთ აფრიკის. კომისია უნდა დაკომპლექტდეს ახალი პარლამენტის მიერ, რომელსაც შესაძლებელია მიეცეს უფლება, რომ მოახდინოს ქვედა დონის მოხელეების ამნისტირება, რომ მისცენ რეალური ჩვენება, თუ როგორ მუშაობდა სისტემა. რა თქმა უნდა, მოდელის არჩევა შესაძლებელია მოგვიანებით, როდესაც ყველა ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ ვისმენდით და ვისმენთ ბევრ საუბარს მოსმენების სისტემის გაუქმებაზე, მაგრამ ფაქტია, ის არც გაუქმებულა და არც ამ ტიპის დანაშაულები გამოუძიებიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დადოს პირობა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთად გავაკეთებთ „სიმართლის კომისიას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.