პარტია “საქართველოსთვის” წინასაარჩევნოდ, მათი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” გამარჯვების მოპოვებას ასეთი გზებით ცდილობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მმართველი გუნდის ამ მხრივ გააქტიურებას გორის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ანანიაშვილი მათი პოლიტიკური ძალის რეიტინგს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში მსგავსი სახის დაშინებას და ზეწოლებს ადგილი არ ჰქონია.
“მივიღებთ იმ რეალობას, რაც იქნება, მაგრამ აქ მთავარია ადამიანის, მოქალაქის ნება იყოს გამოხატული თავისუფალ რეჟიმში. სამწუხაროდ, ახლა სხვადასხვა ზეწოლის ფაქტები ფიქსირდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ მსგავსი შემთხვევები. ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ არ ყოფილა ასეთი ფაქტები ინდივიდუალურად, როგორც ახლა ადამიანებს აშინებენ და ზეწოლას ახდენენ”, – ამბობს კონსტანტინე ანანიაშვილი.