მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და 300 გარე გამოყენების სავარჯიშო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღინიშნა.
როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა, სპორტის განვითარების ხელშეწყობა მისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მისი გუნდი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ არაერთი პროგრამის განხორციელებასა თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე და მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ყველა თაობის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. სპორტის მიმართულებით შექმნილი ეს პროგრამები კიდევ ერთი მექანიზმია იმისა, რომ სპორტით უფრო მეტი ადამიანი, მეტი ახლაგაზრდა, დავაინტერესოთ. 60 წლის და 60 წლის ზემოთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტულ საათებში სრულიად უფასოდ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებში არსებული სპორტული სავარჯიშო ინფრასტრუქტურით – აუზებით, სატრენაჟორო დარბაზებით. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ პროგრამას ბევრი მომხმარებელი ეყოლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ სპორტის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაწვრილებით ისაუბრა.
მერის მოადგილის თქმით, სპორტის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების მიზანს საზოგადოების და, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავების მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს.
„ყველამ ვიცით, თუ რამდენად პრიორიტეტულია სპორტის მიმართულება ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ სპორტში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით. სწორედ ამ მიმართულებით არის ეს პროგრამები მიმართული. ჩვენ დავაორგანიზებთ სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგებს და ამ პროექტებში ქალაქში არსებული 300-მდე სკოლა და 40-მდე უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვება.
მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასევე, ახალგაზრდების რეაბილიტაცია. ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს, მნიშვნელოვანია მათი სწორად განვითარება და ამისთვის ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომლის მიზანი ამ ახალგაზრდების სრულფასოვანი პროფილაქტიკური და სამედიცინო გამოკვლევაა”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მერის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თბილისში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება.