კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

639

„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამები გააცნო.

როგორც მან პრეზენტაციაზე აღნიშნა, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, თუმცა, ეს ყველაფერი შესრულებადი და გაკეთებადია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა შეასრულოს ეს კონკრეტული დაპირებები. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. მართლაც უმნიშვნელოვანესი და კარგი საქმეები ვაკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და პრობლემები, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ ამ პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა შორის, ინფრასტრუქტურის განვითარება, ძველი თბილისის განახლება და ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება შედის; სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განახლდა ავტობუსების პარკი, თუმცა, ქალაქში, დამატებით, 380 ავტობუსი შემოვა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული იყოს; გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში შემოდის საპარკე კულტურა, ჩნდება უამრავი რეკრეაციული სივრცე და მწვანე ზონები.

„მომდევნო წლების განმავლობაში, 15 ახალი საქალაქთაშორისო პარკი გაშენდება და 1 000-ზე მეტი სკვერის კეთილმოწყობა მოხდება. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის 30% დაიხარჯება იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უჭირს და ჩვენი თანადგომა სჭირდება, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა იგრძნოს. რა თქმა უნდა, როგორც ამ ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი არსებობდეს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთად დგომით”, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„მართლაც კარგი პროექტები განვახორციელეთ ამ მიმართულებით, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, იმისთვის, რომ ეს დარგი და მიმართულებები, გაჯანსაღდეს. ჩვენს მრავალფეროვან და დიდი ისტორიის მქონე ქალაქს ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი კულტურული ტრადიციები აქვს. თბილისი არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილი – ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული. ამიტომ, კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის ინსტიტუციურ დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლებში ვაპირებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს, ასევე, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებენ.

„თქვენი როლი დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან დასაფასებელია. თქვენ, ყველას გიყურებენ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები. ამიტომ, თქვენი ჩართულობა ყველა ამ პროექტში, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას პირველ რიგში, ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, იმიტომ, რომ იმ განვითარებასა და აღმშენებლობას, რაც დავიწყეთ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.