დოლიძე: ელიას მთაზე მშენებლობა უკანონოა, ეს ტერიტორია საჯარო რეესტრში აღნიშნულია, როგორც რეკრეაციული ზონა

303

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან კობა კობახიძესთან ერთად, ელიას მთაზე უკანონო მშენებლობა გააპროტესტა.

ანა დოლიძის თქმით, ეს ტერიტორია საჯარო რეესტრში აღნიშნულია, როგორც რეკრეაციული ზონა და აქ უნდა გაშენდეს მწვანე სივრცე. თუმცა, მიუხედავად რამდენიმე შეტყობინებისა, ზედამხედველობის სამსახური რეაგირებას არ ახდენს.

„მთელ თბილისში მიმდინარეობს შემორჩენილი საჯარო სივრცეების ძარცვა, იმის მაგივრად, რომ მერია თვალის ჩინივით უფრთხილდებოდეს ასეთ ტერიტორიებს და მწვანე სივრცეებს აკეთებდეს. ეს მთა არის დედაქალაქის საკუთრება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამოვიძახეთ მერიის ზედამხედველობის სამსახური, დედაქალაქის მთავრობა რეაგირებას არ ახდენს, სამუშაოებს არ აჩერებს და არც არავის აჯარიმებს. ეს ტოვებს ეჭვს, რომ შეიძლება მსგავსს სიტუაციებში მერიის იერარქიაში არის საეჭვო გარიგება. როგორც ვხედავთ, თბილისში, მასიურად ხდება მსგავსი ტიპის „მტაცებლური მშენებლობები“, როდესაც სახელმწიფო მიწებს უკანონოდ იკავებენ და დღისით-მზისით აშენებენ სახლებს. თუ ეს არ არის გარიგება, მაშინ ჩვენ გვჭირდება მერიის ქმედება და ამ ტერიტორიაზე დაპირებული პარკის მშენებლობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის კობა კობახიძის განცხადებით, ის, რაც ელიას მთაზე ხდება, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

“მთავარია აქ ის, რომ ამ ფაქტის გამო ორჯერ გამოიძახეს მერიის ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ორჯერვე მათი პასუხი იყო შემდეგი – ვერ ვიპოვეთ ვინ აშენებსო. არადა აქ ნახავთ ტრაქტორს, რომლის პატრონის იდენტიფიცირება ძალიან მარტივია. მე, როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ მშენებლებმა მოშალეს მთა, რომელიც არის სხვისი საკუთრება, ანუ მოხდა სხვისი ქონების დაზიანება. ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ადგილი ხომ არ აქვს კორუფციულ გარიგებას“, – აღნიშნა კობა კობახიძემ.

ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ავრცელებს.