ეუთო/ოდირის თანახმად, წინასაარჩევნო გარემო მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციით გამოირჩევა

348

წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციით, ბევრი მათგანი ამ ადგილობრივ არჩევნებს უწოდებს ეროვნულ რეფერენდუმს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საგზაო რუკას, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში 19 აპრილის შეთანხმებაზეცაა საუბარი.

„2021 წლის 19 აპრილს საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით, ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესის შემდეგ მიღწეულ იქნა შეთანხმება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე. შეთანხმების შემდეგ პარლამენტის ოპოზიციურ წევრთა უმრავლესობამ მიიღო თავისი საპარლამენტო მანდატი, თუმცა მაშინ შეთანხმებისთვის ხელი ყველა ოპოზიციურ პარტიას არ მოუწერია, მათ შორის უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მოგვიანებით, 2 სექტემბერს მოაწერა ხელი. 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა მმართველი პარტია, რომელმაც განაცხადა, რომ შეასრულა ყველა პუნქტი და პარტიები, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნისთვის” გააკრიტიკა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.