თბილისის მერია დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანება სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებმა გამოიწვია და ამტკიცებს, რომ საფლავის ქვა სიძველის გამო ჩავარდა.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიისგან განსხვავებით, სტუდია მონიტორთან საუბრისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ სპეციალისტებს მოუწიათ “აგურებსა და მიწას შორის” ნეშტის გამორჩევა. თუმცა, მისი მტკიცებით რეაგირება სწრაფი იყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია იმ დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებს წარმოადგენს.