რა უფლებებსა და შესაძლებლობებს იყენებენ კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები და რა მნიშვნელობა აქვს დეცენტრალიზაციას

743

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ დამოუკიდებლობამდე კიდევ ბევრი ღონისძიების განხორციელებაა საჭირო. მმართველობის დეცენტრალიზაცია, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ სტატიას კახეთის ხმა აქვეყნებს.

კახეთში პოლიტიკური პარტიების და თვითმმართველობის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, თვითმმართველობა, უმეტესად საკუთარ შესაძლებლობებს არ იყენებს და სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ აქტივობებს ცენტრალურ ხელისუფლებას უთმობს. მათივე თქმით, იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც უწყებებს შეუძლიათ, ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს, რადგან მათ არ აქვთ აღნიშნული ან მსგავსი თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სურვილი და ინიციატივა.

ქალაქ თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ის პროექტები, რომლებიც, თელავში ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება არ არის შედეგიანი, რადგან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხშირად მონაწილეობას არ იღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც ზუსტად იცის, მოსახლეობას რომელი პრობლემის მოგვარება სჭირდება.

მისივე განმარტებით, მაგალითად წყლის პრობლემა, რომელიც თელავისთვის, ათეული წლებია, მოუგვარებელია, ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტი საკუთარი შემოსავლებით შეეძლო განეხორციელებინა, თუმცა, ადგილზე ინიციატივის არარსებობის გამო, პროექტი ცენტრალიზებულად რამდენჯერმე უშედეგოდ განხორციელდა, პრობლემა კი უცვლელად დარჩა.

„ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ან სხვა მსგავსი ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებში რომ პროექტებს ახორციელებენ, საბოლოო ჯამში, შედეგი არ გვაქვს იმიტომ, რომ თვითმმართველობა პროექტების დაგეგმვაში ნაკლებად მონაწილეობს.

თელავში 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო. 2017-2018 წლებში კი – ყველას გვახსოვს, თელავის სამხრეთი ნაწილი გადათხრილი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობა არ იყო ჩართული ამ პროცესში და ამიტომ შედეგი ვერ დადგა. ცენტრალური ხელისუფლებისა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ ადგილზე, ნახავდენ, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა და წავიდოდნენ. რეალურად კი პროექტი არ განხორციელდა და დღეს წყალი არ გვაქვს. ჩემი აზრით, აჯობებს, რომ საკითხები, რაც მოსახლეობას პირდაპირ ეხება, თუნდაც ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ განახორციელოს.

რაც შეეხება პროგრამას „განახლებული რეგიონები’“, – ეს არის იმ პროექტებისა და ღონისძიებების დროში გაწერილი  ერთობლიობა. 5 წლის დანახარჯი შეიკრიბა და დასახელდა კონკრეტული თანხა, რომ ხელისუფლება დახარჯავს რეგიონების გავითარებისთვის. თუმცა, რეალურად, არაფერი იცვლება“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კახეთის და მათ შორის თელავის წყალმომარაგებისთვის დახარჯული თანხები 65 მილიონ ლარს ბევრად აჭარბებს. თუმცა, სასმელი წყლის პროექტები ჯერ კიდევ დაუსრულებელია.  ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ.

„წლებია, წყლის პრობლემა გვაქვს. ვითომ გრაფიკით მოდის, მაგრამ ხან ერთი კვირა ისე გადის, ონკანებში წყალი არ მოგვეწოდება. როცა მოდის, ან წვიმების გამო ამღვრეულია, ან ნაგავი და ჭიები მოჰყვება. ამ საუკუნეში ასეთი პრობლემა რატომ უნდა გვქონდეს? ბევრჯერ დაგვპირდნენ, მოვაგვარებთ პრობლემასო, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენგან მარტო ხმები უნდათ, საარჩევნოდ”,- განუცხადა knews.ge-ს სოფელ კონდოლში მცხოვრებმა თამუნა ნაწიფაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ თელავის სოფლებში წყალმომარაგების სრულყოფილი სისტემები და გამართული სათაო ნაგებობები არ არის, სასმელი წყლის შიდა ქსელები ამორტიზებულია, რაც წყალმომარაგების პრობლემას ქმნის.

„ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად სუფთა წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას, რადგან არ გვაქვს გამართული საქლორატოროები და გამწმენდი ნაგებობები. რაც შეეხება ქალაქ თელავს, ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის და ის არის პასუხისმგებელი მოსახლეობის წყალმომარაგებაზე“, – აცხადებს დავით ქსოვრელიშვილი.

2021 წლის აგვისტოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ თელავის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი პროექტი იწყება. მისივე თქმით, 24 მილიონ ლარამდეა იმ ხელშეკრულების ღირებულება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და მოსახლეობას წყლის პრობლემა აღარ ექნება.

სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებაზე და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ნაკლებ ჩართულობაზე საუბრობენ კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათი განმარტებით, კონკრეტული პროექტის განხორციელება, შესაძლოა, ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით მოხდეს, თუმცა თვითმმართველობებს არ აქვთ კონკრეტული პროექტები, მისი ხარჯთაღრიცხვა და დასაბუთება, რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული პროექტის განხორციელება.

„თვითმმართველობას ადგილობრივ ბიუჯეტში წინასწარ აქვს დაგეგმილი სხვადასხვა მცირე თუ მსხვილი პროექტები. თუმცა, არის პროექტები, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ სწვდება. ამისთვის არსებობს რეგიონალური განვითარების ფონდი. შესაბამისად, იქ ყველა მუნიციპალიტეტი წარადგენს პროექტებს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თვითმმართველობას ჰქონდეს მზა პროექტები, რომელსაც გადაუგზავნის რეგიონული განვითარების ფონდს. აქ პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები და არ არსებობს მზა პროექტები, რომელიც შეიძლება მუნიციპალიტეტმა წარადგინოს. პრობლემა ისაა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები ამ საკითხებზე აქტიურად ვერ მუშაობენ. ამ კუთხით, წინასარჩევნოდ შენიშნება ხოლმე აქტიურობა“, – აცხადებს თელავის დემოკრატიის სკოლის დირექტორი ნიკა შარვაშიძე.

რეგიონის განვითარების ფონდის დირექტორი, ლიზი სოფრომაძე კი განმარტავს, რომ ადგილობრივმა თვითმართველობამ უკეთ იცის, რა პროექტის განხორციელებაა საჭირო ადგილზე. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მიმართულებით ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში უნდა იყოს ჩართული.

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკეთ იცის, რა როგორ გააკეთოს. ცენტრალური ხელისუფლების მიზანი კი – ქვეყნის განვითარებაა, თვითმმართველობების ჩართულობით. შესაბამისად, მგონია რომ  ადგილობრივი პროექტის ინიცირება შესაძლებელია სხვადასხვა უწყებებისგან, თუმცა, აუცილებლად – თვითმმართველობასთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით“, – აცხადებს ლიზი სოფრომაძე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 23 მლნ 014 500 ლარით დაიგეგმა. როგორც ყოველ წელს, პრიორიტეტულ მიმართულებებს ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა და გარემოს დაცვა წარმოადგენს.

წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. თუმცა, რამდენად არის და იყო წლების განმავლობაში შესაძლებელი მცირე სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ადგილზე, რასაც თვითმმართველობის მაგივრად ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს, ამაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, გარდა წყლის პრობლემისა, რომლის მოგვარება ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით ეტაპობრივად წლების განმავლობაში თვითმმართველობასაც შეეძლო, თელავში ასევე „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში დაიწყო თელავის შემოსასვლელის, თბილისის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე კორპუსების ფასადებისა და ბორდიულების მოწყობა მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ ყველა პროექტი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით ხორციელდება, თელავის განვითარებას უწყობს ხელს.

„აღნიშნული პროექტი ორწლიანია. კახეთის 4 მუნიციპალიტეტზე გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და აქედან თელავის მუნიციპალიტეტის არის 5 მილიონი. ამ თანხის ფარგლებში დაწყებულია რუსთაველის ქუჩის და თბილისის გზატკეცილის მონაკვეთის, თელავის შემოსასვლელიდან ჭადრამდე გზის და ასევე აქ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. ახლა დაწყებულია სამუშაოები, ორი კორპუსის ფასადის და ასევე ტროტუარების და ბორდიურების მოწყობა.

რაც შეეხება 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტს, იწყება სამუშაოები თელავის დასავლეთი ნაწილიდან და სამ წელში დასრულდება. ვფიქრობ, ამ და სხვა მსხვილი პროექტების განხორციელებით, თელავის ტურისტული პოტენციალი ამაღლდება. თუ არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, ტურიზმიც ვერ განვითარდება’’, – განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და ოპოზიციიდან თელავის მერობის კანდიდატების თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ თვითმმართველობას მეტი დეცენტრალიზაცია, მეტი ფინანსური რესურსი და ადგილზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მისცეს.

„დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია და ჩვენი ერთ-ერთი დაპირებაც არის ის, რომ თელავს დავუბრუნოთ რეალურად თვითმმართველობა. ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც ეხება თელავის მუნიციპალიტეტს, ადგილზე უნდა წყდებოდეს, თელაველების ჩართულობით.

თელავის საკრებულოში ჩემი 4-წლიანი მუშაობიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საკრებულოში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვმსჯელობდით. თუმცა, საკრებულოს წევრების ბევრი გადაწყვეტილება იქნა უარყოფილი და ეს იყო თელავისთვის დამაზიანებელი“, – განუცხადა knews.ge-ს პარტია „საქართველოსთვის“ თელავის მერობის კანდიდატმა გიგა ორკოდაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობიდან” თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ თელავს განვითარებისთვის რეალური თვითმმართველობა და დამოუკიდებლობა სჭირდება.

„დამოუკიდებლობით მიიღწევა ის, რომ საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, სწრაფად და ეფექტურად მოგვარდეს.კონკრეტულ მაგალითზე რომ ვისაუბროთ, 2010 წელს შეიქმნა მნიშვნელოვანი პროექტი სოფლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოფელი წყვეტდა, რა უნდა განეხორციელებინა იმ დაფინანსების ფარგლებში. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული პროგრამა ჩავარდნილია. ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს ან ცენტრალური ხელისუფლების მითითებით ადგილობრივი ხელისუფლება ან მოსახლეობის ჩართულობის გარეშე – ადგილობრივი ხელისუფლება“, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

ლეობორისტული პარტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ვარდოშვილი კი განმარტავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობას ადგილზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევს.

„ადგილობრივი თვითმმართველობა, ფაქტობრივად, არ არსეობს. რვავე მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები გუბერნიასთან და სუსთან თანხმდება. ახლაც, ჩვენ მივიღეთ სუსის წარდგენილი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს უკვე აღარ არის ნორმალური’‘, – განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.