ევროპული მობილობის კვირეულში თბილისი მონაწილეობას წელსაც მიიღებს

1230

ევროპული მობილობის კვირეულში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქთან ერთად, თბილისი წელსაც მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპული მობილობის კვირეული არის კამპანია, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

:კვირეული ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს იმართება და მასში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მდგრადი მობილობის განვითარებისკენაა მიმართული. კვირეულში მონაწილეობას 44 ქვეყნის 2 136 ქალაქი იღებს. კერძოდ, ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და სხვები. 

კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 18-19 სექტემბერს, 13:00-დან 20:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის.

აღნიშნულ პერიოდში, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ცინცაძის, ბახტრიონის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან. გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს.

18 სექტემბერს, 12:45 საათზე, ასევე, გაიმართება ველომსმვლელობა დიდი დიღმიდან (ამერიკის საელჩოს ტერიტორია) ზააბრიუკენის მოედნამდე. 20 სექტემბერს კი, დედაქალაქს GEHL Architects-ის ხელმძღვანელი ეწვევა, რომელიც ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს”, – აცხადებენ მერიაში.