თბილისის მერიამ ჯავახიშვილის N14-ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაასრულა

704

ძველი თბილისის ისტორიული არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი დასრულდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამჯერად, ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რეაბილიტირდა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული.

„ძველი თბილისი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვენთვის განსაკუთრებულია. მათი მდგომარეობა არაა სახარბიელო, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული. ჩვენ მათ ვაახლებთ და უკვე განვახორციელეთ კარგი პროექტები – დარეჯანის სასახლე, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია. მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები; სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები; შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი; მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა; აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები; რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები, კიბეები და შუშაბანდები; რესტავრირდა ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები; ლითონის დეკორატიულ ნაჭედ გისოსებსა და მოაჯირებს ჩაუტარდა რესტავრაცია-აღდგენა; რესტავრირდა ლითონის ჭიშკარი; გამოიცვალა და ნაწილობრივ რესტავრირდა კარ-ფანჯარა; დამონტაჟდა ლითონის ჭედური ცხაურები; მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების როგორც შიდა, ისე გარე ქსელი და კეთილმოეწყო ეზო.

ამასთან, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ისტორიული ძეგლის ამსახველი, რეაბილიტაციამდელი და რეაბილიტაციის შემდგომი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მესმის, რომ ქალაქში ბევრი ძეგლია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ყველგან მივალთ, ყველას განვაახლებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ძეგლი რესტავრირდეს და ასევე, მთლიანად უბნების რეაბილიტაცია მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და მისი ჯამური ღირებულება 2 250 000 ლარია.