გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო

548

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერთან დაკავშირებული პრობლემა აღმოფხვრილია და ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ადგილზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რომლის საშუალებითაც ფერდის მდგრადობა 5 წლის განმავლობაში გაკონტროლდება.

„გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული ზონა იყო, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ზემოთ, 16-სართულიან ბინებში მცხოვრები ადამიანებისთვის და ასევე პრობლემა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვემოთ სხვადასხვა ბიზნეს-აქტივობას აწარმოებდნენ და მათთვის, ვინც ამ გზაზე ყოველდღიურად გადაადგილდებოდა.

დღეს პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. მოწესრიგებულია არსებული ტერიტორია და იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილდება, შემიძლია ვთქვა, რომ ტერიტორია უსაფრთხოა და პრობლემა აღმოფხვრილია.

ამ პროექტის ფარგლებში დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, მეწყრის სტაბილიზაცია კი მიღწეულია რკინა-ბეტონის, ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით. გარდა ამისა, ფერდობი დაიყო ტერასებად და ჩატარდა ე.წ. ფრანგული კედლის მოწყობის სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რაზეც კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, 5 წლის განმავლობაში დააკვირდეს როგორ იქნება მდგრადობა. თუ რამე პატარა ცვლილება მაინც იქნება, მაშინვე გვექნება ინფორმაცია.

პროექტის განხორციელების შედეგად შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება და ასევე დაცულია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოება. აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს დავიწყეთ და 2021 წელს, რამდენიმე დღეა მთლიანად დასრულდა“,- განაცხადა კალაძემ.