ნიკა ობოლაძე: „იმედმა“ მოგვწერა წერილი, რომ სარეკლამო ბადეში ვერ განათავსებდა კლიპს, სადაც ჩანს, როგორ იხსნის ელექტრონულ სამაჯურს ნიკა მელია და აგდებს ხალხში

425

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედმა“ მის პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც დაასახელეს კადრი, „სადაც ჩანს, როგორ იხსნის ელექტრონულ სამაჯურს ნიკა მელია და აგდებს ხალხში“.

როგორც ობოლაძემ განაცხადა, ტელეკომპანიაში განუმარტეს, რომ კადრზე ასახული ქმედება კანონდარღვევაა.

ნიკა ობოლაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა, რომ 2019 ივნისის 20 ივნისს დამნაშავე არა მელია, არამედ მმართველი პარტია იყო და „ახლა იმის თქმა, რომ თითქოს, მელიას სამაჯური სამართლებრივი წესით დაადეს და მისი მოხსნა კანონდარღვევა იყო, არასწორია“.

„ტელეკომპანია „იმედმა“ მოგვწერა წერილი და თქვა, რომ თავის სარეკლამო ბადეში ვერ განათავსებდა კლიპს, სადაც ჩანს, როგორ იხსნის ელექტრონულ სამაჯურს ნიკა მელია და აგდებს ხალხში. თქვა, რომ ეს არის კანონდარღვევა. მინდა მათ ვუპასუხო: პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა, რომ 2019 ივნისის 20 ივნისს დამნაშავე იყო თავად „ქართული ოცნება“ და არა მელია. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს, რომ 2019 წლის 20 ივნისს სპეცრაზმი იდგა არასწორად და პასუხისმგებლობა თავად დააკისრეს საკუთარ პარტიას, გასაგებია, რომ ისინი გულისხმობენ გიორგი გახარიას, მაგრამ მაშინ მმართველი პარტია იყო „ქართული ოცნება“ და მაშინ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა. როდესაც მელიამ მოიხსნა სამაჯური, მეორე დღესვე სასამართლომ დააკანონა და თქვა, რომ სამაჯურის ტარება არ იყო საჭირო, გარდა ამისა, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად პოლიტიკური აქტი, საქართველოს ისტორიაში, როდესაც ამ შემთხვევას მოჰყვა შარლ მიშელის რამდენჯერმე ჩამოსვლა, პოლიტიკურად შეიძრა მთელი ქვეყანა და მთელი ევროპა. ჩამოვიდნენ და მოხდა პოლიტიკური შეთანხმება ზუსტად იმის გამო, რომ ნიკა მელიას პოლიტიკურად დევნიდნენ. ამიტომ ახლა იმის თქმა, რომ თითქოს, მელიას სამაჯური სამართლებრივი წესით დაადეს და მისი მოხსნა კანონდარღვევა იყო, აბსოლუტურად არასწორია. ტელეკომპანია „იმედმა“ და ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმიტომ, რომ არ სურთ, ქართველმა ხალხმა სიმართლე გაიგოს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გაიგოს, რომ თავდადებას ყოველთვის აქვს აზრი. არ უნდათ მაგალითების ჩვენება.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას ეშინია, მათ შორის ნიკა მელიას გამოსახულების გაშვების, მაგრამ ნუ ეშინიათ, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მაინც დამარცხდებიან 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე და შემდეგ ყველაფერი იქნება ადამიანურად და არა ისე, როგორც ახლა ისინი იქცევიან – ისინი იქცევიან არაადამიანურად, როდესაც „ფეისბუქზე“ პირად მიმოწერებს ოქმებად წერენ და ადამიანებს უძვრებიან ტელეფონში, შემდეგ თავად კითხულობენ. თუ ვინმეა სისხლის სამართლის დამნაშავე, ეს არის „ქართული ოცნება“ და მათ შორის 20 ივნისს სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარეს. ეს აღიარა მთელმა ევროპამ, „ქართულმა ოცნებამ“, „ქართული ოცნების“ სასამართლომ. ახლა იმის თქმა, რომ ამაში რაიმე სამართლებრივი იყო და არა პოლიტიკური, აბსოლუტურად არასწორია. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ ეშინია რამდენიმეწამიანი კადრების. ეს რამდენიმეწამიანი კადრი იქნება ის, რაც საბოლოოდ გადატეხავს მათ ძალაუფლებას და ხალხი დაიჯერებს, რომ ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე მოვიგებთ“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.