საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი სპორტის სასახლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია არის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქალაქს.
„აქაურობა გამოხატავს იმ მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც დატოვა უგულავას და „ნაცმოძრაობის“ მმართველობამ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად მათი პრობლემები და საჭიროებები განიხილა.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ქალაქისთვის იმ სივრცეების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასხვისდა და ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაშია.
მისი თქმით, ადგილზე მძიმე მდგომარეობაა, არის ანტისანიტარია და საფრთხე ექმნება ადგილობრივ მოსახლეობას.
როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი აღნიშნავს, შესაძლებელია მოხდეს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა და ადგილზე სარეკრეაციო-დასასვენებელი სივრცის მოწყობა.
„ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება, რადგან წლების განმავლობაში შევძელით და სპორტის სასახლის მიმდებარედ გადავარჩინეთ განაშენიანების კიდევ რამდენიმე ტერიტორია ალექსიძის #1-ში, სადაც იგეგმებოდა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, დღეს იქ არის შესანიშნავი დასასვენებელი ადგილი ჩვენი მოსახლეობისთვის. შესაძლებელია აღნიშნულ მისამართზეც მოხდეს ადგილმონაცვლეობა და სპორტის სასახლის მიმდებარედ გაჩნდეს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.