მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იაშვილის, ბერიძის, ჩაიკოვსკისა და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა და უბნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მათი პოზიციები მოისმინა.
„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს, რაც, ავარიული შენობების ჩანაცვლებასა და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანს – ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას გულისხმობს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობის ჩართულობით და ერთობლივი ძალებით მთაწმინდის რაიონში ვითარება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ.
„მოეწყობა სკვერები, განახლდება ინფრასტრუქტურა, აშენდება სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოები“,- აღნიშნა კანდიდატმა.
მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიგა ახვლედიანმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ლევან აბაშიძემაც მიიღეს.
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც რეგულარულად გააგრძელებს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩაზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.