ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება. მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად ჩაერთოთ და სრულად აითვისოთ ყველა ის პროგრამა, რომელსაც მთავრობა შემოგთავაზებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს პროგრამები უკვე ხორციელდება, მათ შორის „აწარმოე საქართველოში” და სხვა მასშტაბური პროექტები წარმოდგენილი იქნება უახლოეს რამდენიმე თვეში.
„1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ მომდევნო წლების განმავლობაში. 350-მდე დარგი გვაქვს განსაზღვრული, რომელიც მთავრობამ უნდა დააფინანსოს და ამას სჭირდება თქვენი ჩართულობა. ჩვენი მთავარი მიზანი, მთავარი ამოცანა არის, რომ მეტი ოჯახი ჩაერთოს ამ ბიზნესში, განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი და ფეხზე დავაყენოთ ჩვენი რეგიონები და ჩვენი ქვეყანა. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა თქვენი მხარდაჭერის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას. 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს “ქართული ოცნება” და გაიმარჯვებს მელქონ მაკარიანი და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ვთქვათ მოდით პირდაპირ, რომელმა პარტიამ შეძლო რომ ქვეყანაში ყოფილიყო ასეთი სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, კარგი პროექტები, კარგი პროგრამები. ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა არის “ქართული ოცნება”, რომელმაც მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, დაამშვიდა ქვეყანა, დააწყნარა და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ”, – აღნიშნა პრემიერმა.